ცაგერში მომხდარი მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია. სოფელ ლაჯანას, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომლები ამბობენ, რომ ობიექტს დაცვა არ ჰყავდა და მათთვის უცნობია, რა მოხდა სახელმწიფო უწყების შენობასთან.
თვითმხილველები ამბობენ, რომ პოლიციელებმა სახელმწიფო უწყების ეზოში იჩხუბეს, შემდეგ კი ერთმანეთი სამსახურეობრივი იარაღიდან გასროლით ჩაცხრილეს.
სოფელ ლაჯანას ერთ-ერთი მოსახლე ამბობს, რომ სამართალდამცველები ბავშვობის მეგობრები იყვნენ, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრში კი, დაცვის თანამშრომლებად მუშაობდნენ.
არსებული ინფორმაციით, ერთი სამართალდამცველი ადგილზევე დაიღუპა, დაჭრილი მეორე პოლიციელი კი, საავადმყოფოში მიყვანისთანავე. სროლის დროს, სამართალდამცველების ტყვიით დაიჭრა ერთ-ერთი გამვლელი, 65 წლის მოქალაქე, რომელიც საავადმყოფოში რჩება.
გარდაცვლილები ამ დროისთვის უკვე გადაასვენეს საკუთარ საცხოვრებელ სახლებში. ახლა გამოძიებამ უნდა დააგდგინოს, რა მოტივით იმყოფებოდნენ პოლიციელები საზოგადოებრივ ცენტრთან, რატომ ჰქონდათ მათ თან სამსახურეობრივი, ტაბელური იარაღი და ჰყავს თუ არა მომხდარს, სხვა მონაწილე პირებიც.