24 ივნისი 2026,   04:03
ვრცლად
"ყვიროდა, მე ჩავიდინეო" - "კურიერმა" ტაქსის მძღოლის მკვლელობის საქმეზე დამატებითი დეტალები გაარკვია

ვარკეთილში, ტაქსის მძღოლის მკვლელობის საქმეზე "კურიერმა" დამატებითი დეტალები გაარკვია.

როგორც თვითმხილველები "კურიერთან" საუბარში აცხადებენ, შელაპარაკება მგზავრსა და ტაქსის მძღოლს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც მგზავრმა მგზავრობის საფასური არ გადაიხადა. საბოლოოდ, ახალგაზრდა მამაკაცმა ტაქსის მძღოლს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.

თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის შემდეგ ბრალდებულმა ახლომდებარე კორპუსში გადაინაცვლა, სადაც მისი მეგობარი ცხოვრობდა.    

"ალბათ არ ჰქონდა თანხა, რომლითაც მძღოლს გაისტუმრებდა და ამას მოჰყვა, სავარაუდოდ, ინციდენტი. ამ დროს მძღოლი არის შეურაცხყოფილიც და მატერიალურად დაზარალებულიც. ცხვირმოუხოცავი ბავშვი უზრდელურად მოექცა. ერთხელ დავინახე, რომ გამოვიდა და ველური ხმით ყვიროდა - მე ჩავიდინეო,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

ადგილობრივების განმარტებით, ბრალდებული 23 წლის ახალგაზრდა სამართალდამცველებს თავადვე ჩაბარდა.

"თვითონ ჩაბარდა დამნაშავე, რომ შეამჩნია გამოუვალ მდგომარეობაში იყო. ყვიროდა,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

23 წლის ახალგაზრდამ სასიკვდილო ჭრილობა შუახნის მამაკაცს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით მიაყენა. დაშავებული საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები