28 ნოემბერი 2021,   21:37
ვრცლად
"კურიერის" შეკითხვაზე პუტინის პასუხს თბილისში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა

პუტინის განცხადებას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა "კურიერთან" გააკეთა, უკვე მოჰყვა პირველი პოლიტიკური შეფასებები. თბილისში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია მუდმივი წნეხი კრემლზე; მუდმივი შეხსენება, რომ რუსეთი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, ყოველდღე არღვევს პირობას და აღრმავებს ოკუპაციას.

"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, საქართველოს საერთაშორისო თვალსაზრისით რუსეთი და პუტინის ხელისუფლება მუდმივი წნეხის ქვეშ უნდა ჰყავდეს:

"ორი საკითხი არის ფუნდამენტური, ანუ ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევა, აგრესია და არშეწყვეტა აგრესიული მოქმედებების და ჯარის არგაყვანა საწყის პოზიციებზე. ეს ფაქტია, რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს რომელიმე ლიდერმა, პუტინმა განსაკუთრებით, საქართველოს ამოცანაა, რომ იყოს ფორმაში, მუდმივი წნეხის ქვეშ ჰყავდეს საერთაშორისო თვალსაზრისით რუსეთი და პუტინის ხელისუფლება,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

არსებული ხელისუფლების პირობებში ოკუპაციის პრობლემის მოგვარებას არ ელოდება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა. მისი თქმით, რუსეთთან შვიდწლიანმა ვირტუალური ნორმალიზაციის პოლიტიკამ საქართველოს მეტი შეურაცხყოფა და პრობლემები მოუტანა:

"ეს არის იმ შვიდწლიანი ვირტუალური ნორმალიზაციის პოლიტიკის შედეგი, რასაც ბიძინა ივანიშვილი აწარმოებს რუსეთის ფედერაციასთან, რამაც მოიტანა მეტი შეურაცხყოფა, მეტი დამცირება, ყოველდღიური ბორდერიზაციის, ჩვენი თანამოქალაქეების გატაცების, წამებისა და მკვლელობის ინციდენტები. სამწუხაროდ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ ხელისუფლების პირობებში მთავარი საგარეო გამოწვევა-ოკუპაციის საკითხი ვერ და არ მოგვარდება,"- აღნიშნა ბოკუჩავამ.

პუტინის განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარისთვის. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ოკუპანტი ოკუპაციას უარყოფს და ძნელია ამაზე სწორი პასუხის მიღება:

"ძნელია ოკუპანტისგან, კითხვაზე სწორი პასუხი მიიღო, როცა მთელი მსოფლიო, მთელი ცივილიზებული სამყარო ამბობს, რომ არსებული შეთანხმება რუსეთმა არ შეასრულა და ფაქტი არის რომ ჩვენი ქვეყნის დე იურე ტერიტორიებზე არსებობს რუსული სამხედრო ბაზები, თავისთავად ცხადია ის ვინც ოკუპანტია, ამ ყველაფერს უარყოფს,"- განაცხადა სესიაშვილმა.

დღის ამბები