26 ნოემბერი 2026,   16:53
ვრცლად
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორს მუჰსინ შენტურკს შეხვდა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორთან მუჰსინ შენტურკთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

თურქეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე კახაბერ მურადაშვილი, გენერალური პროკურორის მოადგილეები ამირან გულუაშვილი და ავთანდილ კოჭლამაზიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მუსტაფა თურქერ არი, გენერალური პროკურორის მოადგილე ომერ ერდოღმუში, საერთაშორისო ურთიერთობებზე პასუხისმგებელი პროკურორი სედა ტურკან მანავ დურსუნი, უფროსი პროკურორები ატიფ მოღულკოჩი და ფატიჰ მეჰმეტ აკსოი ესწრებოდნენ.

გიორგი გვარაკიძემ მუჰსინ შენტურკს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მართლმსაჯულების მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობას უწყობს ხელს.

თავის მხრივ, თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გენერალურმა პროკურორმა საქართველოს გენერალურ პროკურორს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის. მუჰსინ შენტურკმა ორი ქვეყნის უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის შედეგად მიღწეულ ხელშესახებ შედეგებზე. მხარეებმა განიხილეს კომპეტენტურ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები. ასევე, ისაუბრეს დანაშაულთან ბრძოლის სფეროში გამოცდილების გაზიარების, ერთობლივი ძალისხმევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობაზე.

დღის ამბები