26 ნოემბერი 2026,   16:42
ვრცლად
დეტალურ ეტაპზე დადგინდება სამი არეალი, სადაც განაშენიანების დეტალური გეგმა იქნება. ძირითადი პროექტის ნაწილი იქნება დაბალი და საშუალო განაშენიანება - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი "იგლ ჰილს საქართველო"-ს პროექტზე

გარდაბნის კულტურის ცენტრში, თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილზე განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა.

განაშენიანების გეგმას "იგლ ჰილს საქართველო" სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ განსაზღვრული ტექნიკური დავალების შესაბამისად ამუშავებს. საჯარო განხილვის ფარგლებში წარმოადგინეს ტერიტორიის განვითარების ხედვა, დაგეგმილი ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი და რეკრეაციული სივრცეები.

საჯარო განხილვის მიზანი დაინტერესებული პირებისთვის დოკუმენტაციის გაცნობა, მათ კითხვებზე პასუხის გაცემა და მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მოსმენაა. მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორის, "იგლ ჰილსის" უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიციის მოცულობა 6,6 მილიარდი ამერიკული დოლარია.

ეს საქართველოს ისტორიაში საერთაშორისო ინვესტორის მხრიდან ყველაზე მასშტაბური კაპიტალ დაბანდებაა, რომელიც თბილისსა და გონიოში საცხოვრებელი ბინების, სასტუმროების, სავაჭრო ცენტრების, იახტ კლუბის, კომერციული ფართებისა და რეკრეაციული სივრცეების მშენებლობას უნდა მოხმარდეს.

როგორც სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი, ზურაბ წიკლაური აღნიშნავს, მათი მთავარი მიზანია პროექტის განხილვა კონსტრუქციულად წარიმართოს.

"[პროექტი] თბილისის ტერიტორიაზე წარმოადგენს 634 ჰექტარს და კეთდება განაშენიანების გეგმის პროექტი, ახლა არის განაშენიანების გეგმის კონცეფციის ეტაპი და ამიტომ, მნიშვნელოვანია საჯარო განხილვა და ჩართულობა ყველა ადამიანის. 40 დღეა, რაც ეს პროექტი გამოქვეყნებული. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ კონსტრუქციულად წავიდეს
ჩვენი დღევანდელი დიალოგი, ჩამოაყალიბოთ თქვენი აზრი, თქვენი პოზიცია ამ პროექტთან დაკავშირებით. დეტალური გეგმის ეტაპზე დადგინდება სამი არეალი, სადაც უკვე განაშენიანების დეტალური გეგმა იქნება. 54% არის რეალურად თავისუფალი ტერიტორია და დარჩენილი პროცენტიდან კიდევ არის შიდა გამწვანებები და შიდა რეკრეაციები დასახლებისთვის, სადღაც გამოდის მესამედი განაშენიანებული ტერიტორია. ძირითადი პროექტის ნაწილი იქნება დაბალი განაშენიანება და საშუალო განაშენიანება, ეს არ იქნება მაღალი ინტენსივობის განაშენიანება", - აცხადებს ზურაბ წიკლაური.

დღის ამბები