12 ნოემბერი 2026,   17:19
ვრცლად
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლები მოსკოვში ვლადიმერ პუტინს ხვდებიან - მედია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსკოვში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ხვდება. შეხვედრა აბუ-დაბიში ვაშინგტონის შუამავლობით გამართული რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების დასრულებიდან ერთი დღის შემდეგ იმართება - წერს მედია.

გავრცელებული ინფორმაციით, კრემლში მიმდინარე შეხვედრას პუტინის თანაშემწეები - იური უშაკოვი და ვლადიმერ მედინსკი, ასევე პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი ესწრებიან. სამშაბათსა და ოთხშაბათს აბუ-დაბიში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციას სწორედ მედინსკი ხელმძღვანელობდა.

აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ოთხშაბათს დასრულდა. მისი მთავარი შედეგი მოსკოვსა და კიევს შორის ტყვეთა მორიგი გაცვლის შესახებ მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა პროცესის დეტალები ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

აბუ-დაბიში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ჯარედ კუშნერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინთან შეხვედრაზე ის და უიტკოფი ტყვეთა გაცვლის "ზუსტ რაოდენობაზე საბოლოოდ შეთანხმდებიან" და ასევე განიხილავენ მოლაპარაკებების პროცესში ევროპის შესაძლო ჩართვას, რასაც მოსკოვი ამ დრომდე ეწინააღმდეგება.

კუშნერის თქმით, მოსკოვის შემდეგ ისინი ირლანდიაში გაემგზავრებიან, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან, რომელიც დუბლინში ოთხშაბათს ჩავიდა.

დღის ამბები