რუმინეთის პრეზიდენტმა, ქვეყანაში ამერიკელი ჯარისკაცების დარჩენის სანაცვლოდ, აშშ-ს თანხის გადახდა შესთავაზა. ეს წინადადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც შავი ზღვის რეგიონში დრონების შეჭრის შემთხვევები შეშფოთებას იწვევს, ხოლო დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემცირებას გეგმავს.
როგორც პრეზიდენტმა ნიკუშორ დანიმ Financial Times-ს განუცხადა, ვაშინგტონს უკვე შესთავაზა "კონკრეტული თანხები - როგორც სამხედროების განთავსების, ისე ხარჯების განაწილების საკითხზე".
მსგავსი ინიციატივა პოლონეთმა უკვე გამოთქვა. სექტემბერში ვარშავამ ვაშინგტონს შესთავაზა, ყოველწლიურად 15 000 დოლარი გადაეხადა თითოეული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურისთვის, რომელიც სამხედრო ბაზაზე განთავსდებოდა - პირობითი სახელწოდებით "ფორტ ტრამპი".
"ჩვენ გვსურს, რომ ქვეყანაში უფრო მეტი ამერიკელი სამხედრო და უფრო მეტი ლეტალური შესაძლებლობის მქონე შეიარაღება იყოს", - განაცხადა დანიმ.
ნიკუშორ დანის ადმინისტრაციის განცხადებით, ამჟამად რუმინეთში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტი - 1 172 სამხედროს შეადგენს, მაშინ, როდესაც ადრე მათი რაოდენობა 1 700 იყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიანიშნეს, რომ რუმინეთი პოლონეთის შეთავაზების მსგავსი თანხის გადახდას განიხილავს.
დანიმ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს, ელბრიჯ კოლბის შეთავაზება რამდენიმე დღის წინ წარუდგინა. კოლბი პოლონეთსა და რუმინეთში იმყოფებოდა, რათა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები შეეფასებინა.
კოლბი ევროპაში აშშ-ის სამხედროების ყოფნის "უფრო შეზღუდული და მიზანმიმართული" ფორმის მომხრე იყო. პიტ ჰეგსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი თავდაცვის დეპარტამენტი კი არაერთხელ დაიმუქრა, რომ ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტი მნიშვნელოვნად შემცირდება.
პრეზიდენტ დანის განცხადებით, მის ქვეყანას პოლონეთის "ძალიან, ძალიან მსგავსი საგარეო პოლიტიკა“ აქვს.
"ჩვენ გვესმის, რა საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი და ვაცნობიერებთ, როგორ უქმნის უკრაინაში მიმდინარე ომი საფრთხეს ჩვენს უსაფრთხოებას", - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.
როგორც გამოცემა წერს, მეზობელ უკრაინაში მიმდინარე ომმა შავი ზღვისპირა რუმინეთზეც მოახდინა გავლენა. რუსული დრონები ქვეყნის ტერიტორიაზე არაერთხელ ჩამოვარდა, ხოლო რუმინეთის სანაპიროსთან იერიშები კომერციულ გემებზეც განხორციელდა.
"რუსეთი ცდილობს შეცვალოს იმ ევროპული ქვეყნების განწყობა და დამოკიდებულება, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ. როდესაც რუსული დრონები ჩვენს ტერიტორიაზე შემოვიდნენ, დახმარება მივიღეთ და ახლა ბევრად უკეთ ვართ დაცულები. შავი ზღვის მიმართულებითაც იმავეს გაკეთებას ვგეგმავთ - გავაძლიერებთ აღჭურვილობას და უფრო მომზადებულები ვიქნებით, თუმცა ესკალაციას არ ვაპირებთ", - აღნიშნა რუმინეთის პრეზიდენტმა.
დანიმ ასევე განაცხადა, რომ რუმინეთი თავდაცვის ბიუჯეტს ეტაპობრივად ზრდის. თუმცა, ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის მნიშვნელოვანი დეფიციტი ბუქარესტს არ აძლევს საშუალებას, სამხედრო ხარჯებით პოლონეთს გაუტოლდეს. პოლონეთის თავდაცვის ხარჯები უკვე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) თითქმის 5%-ს შეადგენს. ეს ის მაჩვენებელია, რომლის მიღწევაზეც ნატოს წევრი ქვეყნები დონალდ ტრამპის მოთხოვნის შესაბამისად 2035 წლისთვის შეთანხმდნენ.