პოლონეთში სროლის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, კრაკოვის მთავარ მოედანზე სროლის დროს დაიღუპა 4 ქალი და 2 კაცი. პოლიციამ ეჭვმიტანილი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და დააკავა. დაშავებულია 15 ადამიანი. მათ შორის ორი სამართალდამცველი. ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. გამოძიების ინფორმაციით, თავდამსხმელს სამხედრო დანიშნულების იარაღი ჰქონდა.
"ჩვენ კლასელები და კარგი მეგობრები ვიყავით. მას აგრესია არასდროს გამოუვლენია. გულწრფელად რომ ვთქვა, სიტყვები არ მაქვს. სკოლის დამთავრების შემდეგ ბევრი რამ შეიძლება შეცვლილიყო მის ცხოვრებაში. თუმცა, რაც გააკეთა, შოკის მომგვრელია," - აცხადებს თავდამსხმელის ყოფილი კლასელი, კაროლი.
პოლიციამ X-ზე დაწერა, რომ სავარაუდო თავდამსხმელი პოლონეთის მოქალაქეა და ის 24 წლის ახალგაზრდაა. კრაკოვის მთავარ მოედანზე მან მანქანიდან ცეცხლი გახსნა და ადამიანებს უმისამართოდ ესროდა.
"დაშავებულია 16 ადამიანი, მათ შორის ორი პოლიციელი და თავად დამნაშავე. ამ პირთაგან თერთმეტი პოლონელია, 5 კი - უცხო ქვეყნის მოქალაქე. დაღუპულია ექვსი - ოთხი ქალი და ორი მამაკაცი - მათ შორის სამი პოლონელი ქალი, ერთი ბრიტანეთის მოქალაქე და ორი პირი, რომელთა ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის. დამნაშავეს - როგორც მას, ასევე მის ოჯახს ჰქონდა სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი. პოლიცია პერიმეტრს აკონტროლებს," - აცხადებს პოლიციის მთავარსარდალი, მარეკ ბორონი.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, დადასტურებული ინფორმაციით, თავდამსხმელის საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანი - ორი ქალი და ერთი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
"დადასტურებული ინფორმაცია გვაქვს, რომ დამნაშავის საცხოვრებელ სახლში ორი ქალი და ერთი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ეს მართლაც მძიმე ტრაგედიაა. ვვარაუდობთ, რომ ისინი მისი ოჯახის უახლოესი წევრები იყვნენ," - აცხადებს დონალდ ტუსკი.