საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე 4 საათია სხდომა გრძელდება. მოსამართლეთა პლენუმი ამ წუთებში პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს, ბადრი ჯაფარიძეს უსმენს.
ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მმართველი გუნდი თავისი სარჩელით არა ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებრიობას კრძალავს.
"დღეს "ქართული ოცნება" თავისი სარჩელით ცდილობს აკრძალოს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა და არა რამდენიმე პოლიტიკური პარტია. გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ პარტიების აკრძალვით "ქართული ოცნება" ამზადებს ნიადაგს კონსტიტუციური გადატრიალებისთვის. მათ სურთ, არჩევანი წაართვან და ამ გზით არჩევნებს ჩამოაშორონ, მათივე დათვლებით, მილიონზე მეტი სხვაგვარად მოაზროვნე ამომრჩეველი," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ბადრი ჯაფარიძის ამ განცხადებებს, მოსარჩელე მხარის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან შეფასება მოჰყვა. არჩილ გორდულაძემ ბადრი ჯაფარიძის სიტყვა პოლიტიკურ განცხადებად შეაფასა და სასამართლოს მოუწოდა, მსჯელობა დაბრუნებულიყო საკონსტიტუციო სარჩელის ირგვლივ.
"ხმა არ ამოგვიღია გუშინ და გუშინ წინ, მიუხედავად არაერთი ტყუილისა და ფაქტებით მანიპულაციისა, მაგრამ ახლა მოპასუხე იწყებს პოლიტიკური განცხადებით თავისი პოზიციის წარმოდგენას, ამიტომ, გთხოვთ, რომ უზრუნველყოთ, რომ მხარემ მხოლოდ და მხოლოდ ისაუბროს სარჩელის გარშემო და პოლიტიკური განცხადებისთვის არ გამოიყენოს საკონსტიტუციო სასამართლოს მაღალი ტრიბუნა," - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
საპასუხოდ, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ არჩილ გორდულაძე მათ მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოირჩევა.
ეს ახალგაზრდა [არჩილ გორდულაძე] გამორჩეულია თავისი შეურაცხმყოფელი განცხადებებით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში - ის გამუდმებით მოგვიხსენიებს ჩვენ, როგორც "ხანდაზმულ თაღლითებს," - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
გორდულაძემ კი "ხანდაზმულ თაღლითებთან" დაკავშირებით განმარტა, რომ ჯაფარიძეს სასამართლოს სამივე ინსტანციაში აღნიშნული საქმე წაგებული აქვს.
თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ განაცხადა, რომ სასამართლო სხდომის დარბაზში, მას მსგავსი ტერმინი არ გაუგია და მხარეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, მსჯელობა სარჩელის არსთან ახლოს წარემართათ.
ცნობისთვის, 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა ახსნა-განმარტების ეტაპზეა. დღის პირველ ნახევარში, საკუთარი პოზიციით კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთი-ერთი ლიდერი წარდგა.
ისმოდა პოლიტიკური განცხადებები. ნიკა გვარამიას მოსაზრებებსა და ბრალდებებს უარგუმენტოდ მიიჩნევს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ გვარამიას არაფერი უთქვამს სარჩელში მისი პარტიის მისამართით არსებულ ბრალდებებზე და დრო მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკისთვის გამოიყენა. ისმოდა სანქციებით მუქარა მოსამართლეების მიმართაც.