სიცრუე, უტიფრობა და საზოგადოების გამიზნულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელმაც დღეს სხდომაზე თქვა, რომ ემიჯნება წინა ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, გვარამიას მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი საქველმოქმედო პროექტებს ბიუჯეტის ფულით ახორციელებდა.
"ვემიჯნები იმაში, რომ ერთ კონკრეტულ პირს არასდროს არ ახდევინებდა გადასახადებს და დააგროვებინა ასობით მილიონი. ვემიჯნები იმაში, რომ ამ კონკრეტულ პირს ბიუჯეტიდან მოპარული ფულით, ვითომ ქველმოქმედება აწარმოებინა, რომელიც სინამდვილეში აღმოჩნდა გრძელვადიანი საარჩევნო კამპანია - აი ამაში ვემიჯნები. ეს ერთადერთი პირი ბიძინა ივანიშვილია სხვათა შორის", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ რეალურად ბიძინა ივანიშვილს ბიუჯეტში თანხები თავად შეჰქონდა, აფინანსებდა პოლიციის, ჯარის და განათლების რეფორმას, რაც საზოგადოებისთვისაც კარგად არის ცნობილი.
მათივე თქმით, ივანიშვილი ქველმოქმედებაში ხარჯავდა ფულს, რომელიც საქართველოში არ დაუგროვებია და რასაც სახელმწიფო საკუთარი სახსრებით ვერ ფარავდა, იმას საკუთარი ჯიბიდან აფინანსებდა.