გლობალური შიმშილის 2026 წლის ანგარიშით, საქართველო მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის დასახელდა. საერთაშორისო შემფასებელი ცენტრების კვლევაში, რომელიც მოსახლეობის კვებასა და ბავშვთა ჯანმრთელობის 4 ძირითად ინდიკატორს ეფუძნება, საქართველომ საუკეთესო შეფასება, 5 პროცენტზე დაბალი მაჩვენებელი მიიღო და საუკეთესო შედეგის მქონე 24 ქვეყანას შორის მოხვდა.
ევროპის ბოლო სამეულში უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთია. საქართველო კი პირველ პოზიციაზეა პრობლემისგან თავისუფლებით. კვლევის მიხედვით 2012 წელს საქართველო ამ ინდექსით ევროპის უკანასკნელ ხუთეულში იმყოფებოდა. "ქართული ოცნების" შეფასებით, კვლევამ კიდევ ერთხელ, ნათლად აჩვენა, რომ საქართველო ყველა კომპონენტში უსწრებს მოლდოვასაც და უკრაინასაც, თუმცა ევროკომისია წარმატების მაგალითებად მაინც ამ ქვეყნებს ასახელებს, რაც მიკერძოებული და უსამართლო მიდგომაა.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, გლობალური შიმშილის 2026 წლის ანგარიშს გამოეხმაურა:
"კარგია, ამ ინდექსს თუ გაეცნობა მაგალითად, მარტა კოსი და სხვა ევრობიუროკრატებიც, რომლებიც ცოტა ხნის წინ გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ თურმე საქართველო უკრაინას და მოლდოვას ჩამორჩება, რაც, რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ ძალიან სერიოზული ტყუილი და დეზინფორმაცია იყო, ეს მათ იმიჯს ურტყამდა.
შესაბამისად, სადაც სუბიექტური შეფასებები არის, ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ საქართველო არის მოწინავე პოზიციებზე და სწორედ აუტსაიდერები არიან, როგორც წესი, მოლდოვა და უკრაინა ერთად.
ამ ყველაფრის მერე, საინტერესოა საზოგადოებისთვის ამ ადამიანების პოზიციები და კომენტარები, ვფიქრობ, რომ მათ ნამდვილად აქვთ ბოდიში მოსახდელი საქართველოსთან," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.