31 ოქტომბერი 2026,   00:00
ვრცლად
საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ეწვია

საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ეწვია.

აეროპორტში ალი ასადოვს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დახვდა. ხვალ ირაკლი კობახიძისა და ალი ასადოვის თანათავმჯდომარეობით ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართება. ასევე დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირისპირ შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან.

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, კომისიის ფარგლებში ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება:

"კომისიის ფარგლებში, საქართველოს სტუმრობს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი სხვა მინისტრებთან და დელეგაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად. კომისია ჩატარდება ორი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით და განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის როგორიც არის ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა: ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ინვესტიციების, ვაჭრობისა და სხვა მიმართულებებით. ასევე ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ იმ რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე, სადაც საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობას განსაკუთრებული როლი აქვს, განსაკუთრებით კი შუა დერეფნის კონტექსტში" - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

 

დღის ამბები