22 ოქტომბერი 2026,   19:29
ვრცლად
"შუამდგომლობების დაყენებას უფრო პროცესის დროში გაწელვის მიზანი აქვს, ვიდრე რაღაც კონკრეტულ შედეგზე გასვლა" - გიორგი კახიანი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის სარჩელის განხილვა გრძელდება.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის განცხადებით, სარჩელის განხილვის ფარგლებში, მოპასუხე მხარეების მიერ დაყენებული შუამდგომლობები სამართლებრივად გაუმართლებელია. მისი თქმით, სასამართლომ მტკიცებულებების ამოღების შესახებ შუამდგომლობა უკვე განიხილა და არ დააკმაყოფილა.

კახიანის შეფასებით, პროცესის ამ ეტაპზე მოპასუხე მხარეები სხვადასხვა შუამდგომლობას აყენებენ, თუმცა მათი შინაარსი აჩენს შთაბეჭდილებას, რომ მიზანი კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევა კი არა, განხილვის დროში გაწელვაა.

გიორგი კახიანის განცხადებით, პროცესი საჯაროა და საზოგადოებას შეუძლია, თვალი ადევნოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვას.

"შუამდგომლობაზე მტკიცებულებების ამოღების შესახებ, უკვე მიიღო გუშინ გადაწყვეტილება სასამართლომ და უარი უთხრა. ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესი დაიწყო და თავიდან პროცესი ეხებოდა აცილების საკითხებს და ახლა ვართ შუამდგომლობების ეტაპზე. ანუ, მხარეები, ამ შემთხვევაში მოპასუხეები აყენებენ მთელ რიგ შუამდგომლობებს, ჩვენ ვნახეთ, რომ ასეთი შუამდგომლობები ჰქონდა "ნაციონალურ მოძრაობას", "ახლების" პარტიას და შემდგომ დღეს უკვე სხვა პარტიებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, რომ შუამდგომლობები დააყენონ.

რეალურად, მე როდესაც ვაფასებ ამ შუამდგომლობებს, ის შუამდგომლობები, რომლებიც აქამდე დაყენდა, სამართლებრივად სრულიად გაუმართლებელი იყო და საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღო.

გარკვეულწილად ისეთი შთაბეჭდილებაც ჩნდება, რომ ამ შუამდგომლობების დაყენებას უფრო პროცესის დროში გაწელვის მიზანი აქვს, ვიდრე რაღაც კონკრეტულ შედეგზე გასვლა.

თუ შევხედავთ იმას, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, ფაქტია, რომ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევისთვის, მათი მხრიდან მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები მოვისმინეთ და თქვენ იცით, რომ ასეთი შემთხვევაც იყო, როდესაც ერთ-ერთი მოპასუხე გააძევეს სხდომის დარბაზიდან. მე ვფიქრობ, რომ სარჩელი იმდენად ძლიერი არის მტკიცებულებებით და იმდენად გამართულია სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ მათ რაიმე საწინააღმდეგო არგუმენტები ვერ ექნებათ.

აქამდე ჩვენ არ მოგვისმენია მათი პოზიცია, მათ იციან ჩვენს სარჩელში დასმული საკითხები და იციან, რას ვედავებით მათ. ბუნებრივია, ახსნა-განმარტებების ეტაპზე კიდევ მოხდება ამის დაზუსტება, თუ ვინმეს რაიმე კითხვები აქვს ამასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ არ ვიცით მათი პოზიცია. ყოველ შემთხვევისთვის, რა მტკიცებულებები აქვთ მათ სარჩელის საწინააღმდეგოდ ჩვენი ამის შესახებ ჯერჯერობით არ ვართ ინფორმირებული, თუმცა მე შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი მტკიცებულებები ალბათ ვერ ექნებათ იმდენად მყარად არის სარჩელში მოყვანილი მათ საწინააღმდეგო მტკიცებულებები.

ეს არის კონსტიტუციური პროცესი - საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, ასეთი განხილვა არ ყოფილა პოლიტიკური პარტიის კონსტიტუციურობის საკითხებზე როდესაც ვსაუბრობთ, თუმცა არაერთ ქვეყანაში ასეთი პრაქტიკა არსებობს, არსებობს სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა და შესაბამისი გადაწყვეტილებები.

ის, რაც კონსტიტუციური პროცესია, ამაზე რამე კრიტიკული განცხადებების გაკეთება ბუნებრივია არასწორია. პროცესი არის საჯარო, საზოგადოება ხედავს, როგორც მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა, შესაბამისად, ეს საჯაროობაც არის იმის გარანტია, რომ პროცესი იქნება მიუკერძოებელი. ამიტომ ის, რასაც კონსტიტუცია ითვალისწინებს, ის, რაც კონსტიტუციით არის დადგენილი, ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით არანაირი კითხვები არ უნდა გაჩნდეს", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი.

დღის ამბები