პრემიერ-მინისტრი 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციების ორგანიზატორების აღიარებას და მონანიებას ეხმაურება, რომელიც მათივე თანამოაზრეების მხრიდან მწვავე კრიტიკის წინაპირობად იქცა. საუბარია ლაშა ბერიძესა და მურთაზ ზოდელავაზე, რომლებიც პროკურატურისგან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ.
ირაკლი კობახიძის თქმით, სტრატეგიულ ობიექტზე თავდასხმისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების მხრიდან პირდაპირი აღიარება ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივ მისწრაფებებს კიდევ ერთხელ ადასტურებს. თუმცა, მიუხედავად მძიმე დანაშაულისა, პრემიერის აზრით, მონანიებას სახელმწიფო ლოიალური მიდგომებით უნდა პასუხობდეს.
ძალადობრივი აქციების ორგანიზატორებსა და ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან მორალურად გაუმართლებელ ქმედებებზე აკეთებს აქცენტს პარლამენტის თავმჯდომარეც. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ანტიკონსტიტუციური აქციის ავანგარდში მყოფმა პოლიტიკოსებმა ათეულობით ადამიანი შეცდომაში შეიყვანეს და პატიმრობისთვის გაწირეს, დღეს კი მსჯავრდებულების ნაწილზე ადრე, ციხიდან გათავისუფლებას თავად ითხოვენ.
4 ოქტომბრის ძალადობის ორგანიზებისთვის მსჯავრდებულების აღიარება, დანაშაულის ჩადენიდან 1 წლის თავზე, დაპირისპირების მიზეზი გახდა ოპოზიციურ სპექტრშიც. ნაწილი კოლეგებს ღიად უპირისპირდება და პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას სთხოვს. მეორე ნაწილი კი, მონანიებას ტაქტიკურ სვლას უწოდებს, თუმცა ქმედების მორალურ ნაწილზე დუმს.
ოპოზიციის მხრიდან მონანიებისა და აღიარების წინააღმდეგ აგორებული კამპანია ადასტურებს, რომ ოპოზიციას სიმულაციური მსხვერპლი სჭირდება, რის გამოც მზადაა, ადამიანები ციხისთვის გაწიროს - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ევრობიუროკრატების მხრიდან წახალისებული დამხობის მცდელობა შარშან ჩავარდა, რაც ადასტურებს, რომ ქართული სახელმწიფო ძლიერ და შემდგარ ინსტიტუტებზე დგას.
2025 წლის 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციისა და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის მცდელობის გამო, 60-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 25-მა მათგანმა სასჯელაღსრულების დაწესებულება, აღიარებისა და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, უკვე დატოვა.