საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი თანდართულ მასალებთან ერთად განიხილა.
მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2027 წლისთვის 5.0%-ს შეადგენს, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელს მომდევნო წელს კლებადი ტენდენცია ექნება და წლის ბოლოსთვის მის მიზნობრივ მაჩვენებელს - 3.0%-ს დაუბრუნდება.
ძირითად მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებზე საუბრისას, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ: ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2027 წელს 8.9%-ით იზრდება და 126.4 მილიარდ ლარს შეადგენს, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 2027 წლის ბოლოსთვის 12.0 ათასი დოლარია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2027 წლისთვის 4.5%-ს შეადგენს, ხოლოო ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 2027 წლისთვის დაგეგმილია 29.5 მილიარდი ლარის ოდენობით.
პროექტის თანახმად, ნაერთი ბიუჯეტის ჯამური შემოსულობები 37 მილიარდ 531 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 2026 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს 1 მილიარდ 526 მილიონი ლარით აღემატება. ამასთანავე, ჯამური შემოსულობების 85%-ზე მეტს შემოსავლები წარმოადგენს, რომლის მოცულობა 32 მილიარდ 90 მილიონ ლარს აჭარბებს და მიმდინარე წლის საპროგნოზო მოცულობასთან შედარებით 1 მილიარდ 754 მილიონი ლარით მეტია.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, საგადასახადო შემოსავლების მოცულობა 2027 წლისთვის განსაზღვრულია 29 მილიარდ 520 მილიონი ლარის ოდენობით, რაც მიმდინარე წლის საპროგნოზო მოცულობას 2 მილიარდ 120 მილიონი ლარით აჭარბებს.
როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, 2027 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი დაგეგმილია 37 მილიარდ 562 მილიონი ლარის ოდენობით, რაც მიმდინარე წლის საპროგნოზო მოცულობას 1 მილიარდ 928 მილიონი ლარით აღემატება.
„საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია 830 მილიონი ლარის ოდენობით, მათ შორის: მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯი გაზრდილია 555 მილიონი ლარით, რაც დაკავშირებულია კანონმდებლობის შესაბამისად პენსიების ინდექსაციასთან. კერძოდ, მოქმედი ინდექსაციის ფორმულის შესაბამისად, 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია იზრდება 60 ლარის ოდენობით და განისაზღვრება 555 ლარის ოდენობით (მაღალმთიან დასახლებებში 665 ლარს აჭარბებს), ხოლო 70 წლამდე ბენეფიციარებისთვის იზრდება 20 ლარით და 390 ლარს შეადგენს (მაღალმთიან დასახლებებში - 468 ლარი).
ამასთანავე: ინდექსაციის შესაბამისად იზრდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური გასაცემლები, რისთვისაც დამატებით გამოყოფილია 60 მილიონი ლარი; ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება გაზრდილია 127 მილიონ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების პერსონალისა და სოფლის ექიმი/ექთნის ხელფასების ზრდა; სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამა გაზრდილია 26 მილიონ ლარზე მეტით; დაგროვებითი საპენსიო სქემის დაფინანსება გაზრდილია 60 მილიონი ლარით.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 32 071,5 მლნ ლარს შეადგენს. მისივე თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები 10 479,8 მლნ ლარია, საიდანაც მოსახლეობის სოციალური დაცვისთვის 7 530,9 მლნ ლარია განსაზღვრული, რაც 2026 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 599,5 მლნ ლარით.
ამასთანავე, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის განსაზღვრულია - 2 345,2 მლნ ლარი, რაც 2026 წლის გეგმას 125,3 მლნ ლარით აჭარბებს. მათ შორის, საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება შეადგენს 1 550,0 მლნ ლარს, ხოლო იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის პროგრამის დაფინანსება გაზრდილია 40,0 მლნ ლარით და 110,0 მლნ ლარს შეადგენს. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების პერსონალისა და სოფლის ექიმების/ექთნების ხელფასების ზრდა.
პროექტის თანახმად: სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვისთვის გათვალისწინებულია - 145,0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ახალი საავადმყოფოს მშენებლობის დაწყება; შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამისთვის - 13,0 მლნ ლარი; იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობისთვის - 278,7 მლნ ლარი.
კომიტეტის სხდომაზე დადებითად შეფასდა 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, თუმცა დეპუტატებმა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით გამოთქვეს მოსაზრებები, მათ შორის: საყოველთაო ჯანდაცვისთვის დამატებითი თანხების გამოყოფის აუცილებლობაზე და დეკრეტული შვებულების ანაზღაურების მომატებაზე.
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ სხდომაზე გამოთქმულ შენიშვნებზე სამინისტრო იმსჯელებს და საკუთარ პოზიციას პროექტის განხილვის შემდეგ ეტაპზე წარადგენს.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა.