07 ოქტომბერი 2026,   00:22
ვრცლად
200-ზე მეტი დაშავებული და 5 000-ზე მეტი დაკავებული - საფრანგეთში მოსწავლეებისა და სტუდენტების პროტესტი მასშტაბურ შეტაკებებში გადაიზარდა

200-ზე მეტი დაშავებული და 5 000-ზე მეტი დაკავებული - საფრანგეთში მოსწავლეებისა და სტუდენტების პროტესტი მასშტაბურ შეტაკებებში გადაიზარდა.
ცეცხლის ალშია გახვეული პარიზისა და საფრანგეთის არაერთი ქალაქის ქუჩები. დემონსტრანტები ურნებს წვავენ და ხანძრებს აჩენენ სხვადასხვა ობიექტებზე, სამართალდამცველებს კი ფოიერვერკებსა და ქვებს ესვრიან. პოლიცია მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის, რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს იყენებს.

სამართალდამცველებთან დაპირისპირებების შედეგად არიან მძიმედ დაშავებულები. ქალაქ ლენსში აქციის დაშლისას, 15 წლის მოსწავლემ ხელი დაკარგა. ადვოკატის ინფორმაციით, შემთხვევამდე მოზარდს სამი პოლიციელი ხელკეტებით გაუსწორდა.

ასობით დაშავებულის გარდა, დაკავებულია 5 000-ზე მეტი მომიტინგე, მათგან მედიის ინფორმაციით, 87% არასრულწლოვანია. დაპატიმრებულებს შორის არის 17 წლის ბიჭიც, რომლის ნასროლმა ქვამაც, პოლიციის ინფორმაციით, გამვლელს მხედველობა დააკარგვინა. დღეს დემონსტრაციებს მასწავლებელთა პროფკავშირებიც შეუერთდნენ.

მოსწავლეები, სტუდენტები და ახლა უკვე მასწავლებლებიც საფრანგეთში განათლების სისტემის რეფორმას და ნორმალურ სასწავლო გარემოს მოითხოვენ.

განათლების მინისტრმა ცვლილებები დააანონსა და მომიტინგეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, თუმცა, პროტესტი, რომელმაც თითქმის მთელი საფრანგეთი მოიცვა, გრძელდება.

სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები კი გაუსაძლის სასწავლო პირობებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ.

მოსწავლეების პროტესტი გასცდა საფრანგეთს და დემონსტრაციები დაიწყო მეზობელი ბელგიის რამდენიმე ქალაქშიც. ლიეჟში გამართულ აქციაზე, რომელიც პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, 16 პირი დააკავეს. დემონსტრანტებმა ქალაქის რამდენიმე სკოლის შესასვლელი დაბლოკეს. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულთა ნაწილის ჩანთებში მოლოტოვის კოქტეილის დასამზადებლად საჭირო მასალები აღმოაჩინეს. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს ინფრასტრუქტურა და ცეცხლი წაუკიდეს ურნებს. დაძაბული ვითარება იყო მონსსა და შარლერუაშიც.

პროტესტი სექტემბერში პარიზიდან დაიწყო. მოგვიანებით კი საფრანგეთის არაერთი ქალაქი მოიცვა, სკოლის მოსწავლეებს კი ჯერ სტუდენტები, შემდეგ მასწავლებლებიც შეუერთდნენ.

დღის ამბები