06 ოქტომბერი 2026,   15:14
ვრცლად
თუ სააკაშვილის დროს ხალხი იხვეწებოდა, რომ საავადმყოფოში გადაეყვანათ, ექსპერტიზა ჩაეტარებინათ და არავინ ამას არ აღირსებდა, ახლა აქეთ ეხვეწება პენიტენციური სამსახური, ექსპერტიზას ჩაგიტარებთო და უარს ამბობს ადამიანი - გურამ მაჭარაშვილი დავითაძის საქმეზე

მეხუთე დღეა, პატიმარ დავითაძის ოჯახი პენიტენციურ უწყებას მძიმე ბრალდებებს უყენებს. სასჯელაღსრულების მხრიდან არაერთი მტკიცებულების გავრცელების, სახალხო დამცველის განცხადების მიუხედავად, დავითაძის ოჯახი მაინც ამტკიცებს, რომ პატიმარზე იძალადეს. ოჯახს მხარდაჭერას უცხადებს ოპოზიციური პარტიების და მათი მომხრე ენჯეოების ნაწილი.

"კურიერმა" მოიპოვა ინფორმაცია, რომ გიორგი დავითაძემ ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი განაცხადა და თავად თქვა უარი სამედიცინო-სასამართლო შემოწმებაზე.

მმართველი გუნდი კოორდინირებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს და სვამს კითხვებს, - რატომ დუმდა დავითაძე და მისი ოჯახი 9 თვე, თუკი ფაქტი შარშან დეკემბერში მოხდა, და რატომ თქვა პატიმარმა უარი ექსპერტიზაზე, რომელიც, სიმართლის შემთხვევაში, მისი მთავარი არგუმენტი იქნებოდა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ დეზინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელებას აქვს ადგილი.

"მიზანმიმართულად ხდება ყველა უწყებაში აბსოლუტურად დეზინფორმაციის შეტანა, შემდგომ დისკრედიტაციის მცდელობა ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტების და ა.შ.

ხომ გამოქვეყნდა ვიდეომასალა? - თუ ადრე, სააკაშვილის დროს, ხალხი ითხოვდა და იხვეწებოდა, რომ საავადმყოფოში გადაეყვანათ, ექსპერტიზა ჩაეტარებინათ და არავინ ამას არ აღირსებდა ხოლმე, ახლა აქეთ ეხვეწებოდა პენიტენციური სამსახური ექსპერტიზას ჩაგიტარებთო და უარს ამბობს ადამიანი.

მისი სიმართლე როგორ შეიძლება იყოს დამჯერებელი - როდესაც სამედიცინო დაწესებულება გეუბნება, ჩაგიტარებ ექსპერტიზას, დასკვნას დავდებ და შემდგომ ვიმსჯელოთო, ამაზე რომ უარს ამბობ, გასაგებია უკვე შენი მიზანი.

ეს იმიტომ ხდება რამდენიმე თვის მერე, ერთი წლის მერე, რომ [იმოქმედონ იმის მიხედვით], როდის რა დასჭირდებათ, მათ შორის, მათ უცხო პატრონებს და აქ მყოფ ადამიანებს, რომლებიც ამ პროცესებს მართავენ," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

 

დღის ამბები