"ის, რაც 2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ქართულმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ ნახა, არის ის, რომ შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს საკუთარი ხალხის ეროვნულ ინტერესებზე და არ არის ჩამოკიდებული სხვა ქვეყნების ინტერესებზე," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის შეფასებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან სახელმწიფომ ნაბიჯ-ნაბიჯ დაიბრუნა სუვერენიტეტი.
"9 წელი სააკაშვილის დიქტატურისა იყო არა მხოლოდ სისხლიანი 9 წელი დიქტატურისა, არამედ ეს იყო 9 წელი პროქსი სახელმწიფოდ ყოფნისა, როდესაც ქართული სახელმწიფო იყო, ფაქტობრივად, იარაღი სხვის ხელში და ზუსტად ის დამოკიდებულება, რომელიც შემდეგ მოვისმინეთ, რომ თუ გვეტყვიან ცალ ფეხზეც უნდა დავდგეთო, აი, ასეთი ცალ ფეხზე დგომის ხელისუფლება გვყავდა 9 წლის განმავლობაში 2012 წლამდე.
2012 წლიდან კი აი, ამ რთული მდგომარეობიდან გამოსვლით, ნაბიჯ-ნაბიჯ, სახელმწიფომ სრულად დაიბრუნა ეს სუვერენიტეტი, რომელიც ჩვენ 35 წლის წინ სისხლით მოვიპოვეთ საბჭოთა კავშირიდან გამოსვლით. ასე რომ, 14 წელი არის მოწმობა იმისა და იმ შედეგებისა, სადაც ჩვენ დღეს ვართ. ამას დასჭირდა დრო, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ შეჩვეული იყო ზოგიერთი უცხო ხელისუფლება, ზოგიერთი უცხო ორგანიზაცია, რომ ყველაფერში უნდა ჩარეულიყო," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.