„საქართველოში უკანასკნელი წლის განმავლობაში შემოვიდა ორი მსოფლიო დეველოპერული გიგანტი კომპანია - „ემაარ ჯგუფი“ და „ტრამპ ფემილი“. საერთო ჯამში, ორივე კომპანიის საინვესტიციო პაკეტი 8 მილიარდი დოლარია, რაც თავისი მასშტაბით უპრეცენდენტოა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ფაღავამ.
მისი თქმით, „ემაარ ჯგუფისა“ და „ტრამპ ფემილის“ შემოსვლა საქართველოში საეტაპო მნიშვნელობის მოვლენაა ქართული დეველოპმენტისა და სამშენებლო სექტორისთვის და მას ექნება ძალიან მნიშვნელოვანი, გრძელვადიანი დადებითი ეფექტი ქართულ ეკონომიკაზე.
„საქართველოსთვის ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ქარცეცხლში, ამ ორ პროექტს მხოლოდ ეკონომიკური დატვირთვა არ აქვს და პოლიტიკური თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია. გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად რეგიონში მიმდინარე სისხლისმღვრელი ომებისა, საქართველო, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, კვლავ საერთაშორისო ეკონომიკურ-პოლიტიკური თანამშრომლობის ადგილია და წამყვანი საერთაშორისო და ამერიკული კომპანიებისთვის მიმზიდველი საინვესტიციო სივრცე.
სწორედ ბიძინა ივანიშვილისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თანმიმდევრული, გათვლილი სტრატეგიული ხედვისა და მშვიდობის პოლიტიკის შედეგია ის, რომ საქართველოში გვაქვს ისეთი პოლიტიკური და ეკონომიკური კლიმატი, რითაც საერთაშორისო ბიზნესწრეები ასე აქტიურად ინტერესდებიან“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.
როგორც თორნიკე ფაღავამ აღნიშნა, სწორედ ამ პროცესის წინააღმდეგ, დამიზნებით იბრძვის დღეს რადიკალური ოპოზიცია და ცდილობს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს გაშავებას და დაკნინებას.
„მოვისმინეთ არაერთი უგუნური განცხადება რადიკალური ოპოზიციის არაერთი ლიდერის მხრიდან, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით საყვარელიძის ძალიან სახიფათო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, გახდეს გლობალურ ძალთა ჭიდილში სამხედრო ლოგისტიკური ჰაბი, რაც, ჩემი აზრით, დამანგრეველი იქნება საქართველოსთვის.
სწორედ ეს გახლავთ მთავარი პოლიტიკური და ფილოსოფიური სხვაობა ჩვენსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის.
„ნაციონალური მოძრაობა“ ქართულ საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს სთავაზობს სამხედრო ლოგისტიკურ ჰაბს, სამხედრო პოლიგონსა და ესკალაციის საქართველოში გადმოტანას.
„ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ქართულ საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს ვთავაზობთ ეკონომიკური თანამშრომლობის ჰაბს, პოლიტიკური თანამშრომლობის ჰაბს, საერთაშორისო ეკონომიკურ ლოგისტიკურ ჰაბს, დოვლათსა და კეთილდღეობას, რასაც დღეს უკვე პრაქტიკაშიც ვახორციელებთ.
სწორედ ამიტომ, თვალსაჩინოა კონტრასტი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის. სწორედ ამიტომ, მეათედ აგვირჩია ქართველმა ხალხმა.
სწორედ ამიტომ გაუშვა პოლიტიკურ მოუსავლეთში რადიკალური ოპოზიცია ქართულმა საზოგადოებამ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.