29 სექტემბერი 2026,   01:16
ვრცლად
უპირველესი ოცნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, მაგრამ ცარიელი მიწა ადამიანების გარეშე რთული სანახავი იქნება, ამიტომ უნდა მოხდეს დაახლოება ადამიანებს შორის და უფრო გამარტივდება ტერიტორიის დაბრუნება - ეკა წივწივაძე

აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორი, ეკა წივწივაძე გადაცემაში "დებატები" აცხადებს, რომ როდესაც საუბარია აფხაზებთან ნდობის აღდგენისა და შერიგების პოლიტიკაზე, პოლიტიკოსების საქმე პოლიტიკის კეთებაა, ხოლო რიგითი მოქალაქეების ამოცანა სწორედ ნდობისა და მასზე დაფუძნებული ურთიერთობების მშენებლობაა.

მან, ასევე, ხაზი გაუსვა იმ სახელმწიფო პროექტებსა და პროგრამებს, რომლებიც ჯანდაცვის, განათლებისა და ბიზნესის მიმართულებით ხორციელდება.

"როდესაც ვსაუბრობთ, რომ სახელმწიფოს აქვს ნდობის აღდგენისა და შერიგების პოლიტიკა, ნდობის აღდგენა და შერიგების პოლიტიკა ცოტათი უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან. პოლიტიკოსების საქმე არის აკეთონ პოლიტიკა, ხოლო რიგითი მოქალაქეების საქმე არის აშენონ ნდობა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები. ერთ-ერთ ჩემს ძველ ინტერვიუში ვთქვი, რომ ჩვენ უნდა დავიბრუნოთ, პირველ რიგში, ადამიანები. ჩემი უპირველესი სურვილი და ოცნება არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მაგრამ ცარიელი მიწა ადამიანების გარეშე ძალიან რთული სანახავი იქნება და იქ ძალიან გაგვიჭირდება ცხოვრება, თუ ჩავალთ და გვეცოდინება, რომ იქიდან ვიღაცა აიყარა, აიყარა ვინ, ჩვენი თანამოძმე, ჩვენი თანამოქალაქე, ის, ვისთან ერთადაც ჩვენი მშობლები გაიზარდნენ, თამაშობდნენ, სწავლობდნენ და ა.შ. ამიტომ, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს ნდობის აღდგენა, უნდა მოხდეს დაახლოება ადამიანებს შორის და შემდეგ უფრო გამარტივდება ტერიტორიის დაბრუნება.

ნდობის აღდგენაზე მიმართულია ის პროექტები, რომლებიც არის ჯანდაცვის მიმართულებით, განათლების მიმართულებით. უამრავი ახალგაზრდა ჩამოდის და განათლებას იღებს დღეს ენგურს აქეთ საქართველოში, შემდეგ ისინი ზოგჯერ ბრუნდებიან აფხაზეთის ტერიტორიაზე, ზოგჯერ ენგურს აქეთ რჩებიან და აგრძელებენ ცხოვრებას. ასევე, ბიზნესის კეთებაც ბევრად უფრო გამარტივებულია, ისევე როგორც ჯანდაცვა. უამრავი აფხაზი კვეთს დღეს ეგრეთ წოდებულ საზღვარს, ენგურის ხიდს, გადმოდის, იღებს ჯანდაცვის უმაღლეს სერვისებს სრულიად უფასოდ და შემდეგ უკან ბრუნდება.

ჩვენ შეგვიძლია გამოვაცხადოთ პროექტები, პროგრამები აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, მაგრამ მეორე არის - ისინი როგორ ენდობიან ამას. ჩვენ როდესაც ტელევიზიით ვაცხადებთ, რომ ეს პროექტი ხორციელდება, ეს ერთია, და როდესაც მისი მეზობელი ჩავა და იქ მოჰყვება აფხაზეთში, რომ მან მიიღო უმაღლესი ხარისხის სერვისი, გადაარჩინეს, მის ჯანმრთელობას საფრთხე ჰქონდა, აქ უმკურნალეს, ამაში ფული არ გადაუხდია, ნდობა ასე ჩნდება და ბევრდება. ბევრი ნდობა არ არსებობს ალბათ, მაგრამ მე ვფიქრობ, ის, რასაც ვაკეთებთ, სწორია.

ზოგჯერ აფხაზეთის მთავრობასაც, ცენტრალურ ხელისუფლებასაც აკრიტიკებენ, რატომ არის აფხაზებისთვის ყველაფერი უფასოდ. ჯერჯერობით ასე უნდა იყოს ნამდვილად იმისთვის, რომ რაღაც ხიდები ავაშენოთ. მით უმეტეს ახლა, როდესაც ეს ძაფები გაწყვეტილია, ხიდები ასაშენებელია და ჩვენ პირველებმა გადავდგით ეს ნაბიჯი, შევთავაზეთ უამრავი სხვადასხვა პროექტი და მჯერა, ერთ დღეს იქიდანაც ამას თავისი პასუხი ექნება", - განაცხადა ეკა წივწივაძემ.

დღის ამბები