კოვიდპანდემიის დროს ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების საქმის შესწავლა გაგრძელდება.
გენერალური პროკურორი დღეს ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, გაიოზ ჩარკვიანმა განაცხადა, რომ შიმშილობას წყვეტს.
"ბატონმა გიორგი გვარაკიძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შემხვედროდა, შევხვდით, ვისაუბრეთ. იყო კონსტრუქციული საუბარი. ზოგადად, მთლიანად საქმის მასალების განხილვაში ვერ შევიდოდით იმიტომ, რომ საქმე არის მოცულობითი. ზოგად შეთანხმებას მივაღწიეთ.
შეიქმნა სამუშაო ჯგუფი პროკურატურისა და ადვოკატების მეშვეობით. ინტენსიურად იქნება მუშაობა. უახლოეს ხანში, მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება.
ადვოკატთა კოლეგიით, შეიქმნა მიმართულებები, აქედან გამომდინარე, რაღაზე უნდა ვიშიმშილო, ჩემო პატივცემულო? იმ ბრალდებულებს ხომ შეუწყობს ხელს, რომ მე თვითონ დავიზიანო ჩემი ჯანმრთელობა. მივაღწიეთ ამ შედეგს", - განაცხადა გაიოზ ჩარკვიანმა.
ცნობისთვის, პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმის შესწავლას განაგრძობს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო. პროცესში გაიოზ ჩარკვიანიც იქნება ჩართული.
შეხვედრაზე კი, ახალგაზრდა ფეხბურთელის მამას კიდევ ერთხელ მიაწოდეს ინფორმაცია საქმის დეტალების, გამოძიების და ჩატარებული ღონისძიებების შესახებ.
ფაქტზე გამოძიება 2021 წელს დაიწყო. პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა განახორციელა სამი პირის მიმართ. გამოძიების ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების უფროსმა და ექიმმა არაჯეროვნად შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა და კლინიკური მართვის წესი დაარღვიეს, რის გამოც ვახტანგ ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.