"საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივა, რომელიც საჯარო სამსახურებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას ეხება, კიდევ ერთი დასტურია ახალგაზრდების მომავალზე, მათ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე ზრუნვისა “,- ეს განცხადება თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა გააკეთა.
მისივე განცხადებით, ეს პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ ახალი გამოცდილება და გამოიმუშაონ საჭირო უნარ-ჩვევები.
"პროგრამა მოიცავს ცენტრალურ უწყებებს, სამინისტროებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს და საჯარო სტრუქტურებს. დღეისათვის სამი ათასზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული. ამ პროცესში ჩართულია თბილისის საკრებულოც. მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ ბევრმა მსურველმა მოგვმართა და შეავსო განაცხადი. ახალგაზრდების ეს ინტერესი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია. ოქტომბრის თვიდან მუშაობას მათთან ერთად შევუდგებით“,- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა და ახალგაზრდებს წარმატება უსურვა.
დღესვე, სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე წარჩინებული სტუდენტების დაფინანსებასთან დაკავშირებით მერიის ინიციატივასაც გამოეხმაურა.
"კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ დღევანდელ სხდომაზე მხარს დავუჭერთ სემესტრული დაფინანსების გაზრდა იქნება და 526 ლარის ნაცვლად ახალგაზრდები ამ სემესტრიდან თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან 1000 ლარამდე გაზრდილ, წამახალისებელ თანხას მიიღებენ“,- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.