პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სხვადასხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჰიბრიდული მეთოდებით ჩარევის ერთ-ერთი ფორმა პოლიტიკური ჯგუფების დაფინანსებაა. მისი თქმით, სწორედ ამგვარი დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად მოქმედებს აშშ-ში "ფარას" კანონი, როლის გარკვეული რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს ტრამპის ადმინისტრაცია.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის წინააღმდეგ ცრუ კამპანია მიმდინარეობდა, თუმცა, მისი თქმით, 2024 წლის არჩევნებზე ამ საკითხთან დაკავშირებით ქართველი ხალხის პოზიცია გამოიკვეთა.
"ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმ ჭეშმარიტებისა, რაც ისედაც ხელის გულზე დევს და რაზეც ჩვენ ასევე ვსაუბრობთ, რომ თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მზარდი არის ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა ჰიბრიდული მეთოდებით და ამგვარ მეთოდებში შედის, მათ შორის, დაფინანსება ერთი ქვეყნის ან პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან მეორე ქვეყანაში საკუთარი ინტერესების გატარებისა.
ეს ყველაზე ადრე დაინახა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რა თქმა უნდა, საკუთარი გამოცდილებაც კარგად იცოდა სხვა ქვეყნებში და ამიტომაც მოაწესრიგეს თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე ათეული წლის წინ ჯერ კიდევ, "ფარას" კანონით, ნებისმიერი ასეთი დაფინანსება, რომლის მიზანი არის გავლენა მოახდინოს პოლიტიკაზე თუ საზოგადოებრივ საკითხებზე, უნდა იყოს გამჭვირვალე.
ასე რომ, ეს არის ჭეშმარიტება, რომლის შემოტრიალება სცადა ბრიუსელმა და სხვათა შორის, ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციამაც, აბსოლუტური ყალბი კამპანია აწარმოა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა და შეგახსენებთ, რომ "რუსული კანონი", 2023 წელს, ყველაზე ქართულ კანონს დაარქვა ქალბატონმა დეგნანმა, ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის ელჩმა. ეს პროპაგანდისტული ნარატივი შემდეგ მათივე დაფინანსებული ენჯეოების მეშვეობით სცადეს, რომ დაემკვიდრებინათ ქართულ საზოგადოებაში, მაგრამ საზოგადოებამ ნახეთ, რა პასუხი გასცა საბოლოო ჯამში ამ ყალბ ნარატივს.
ჩვენ 2024 წელს მივიღეთ ყველა შესაბამისი კანონმდებლობა და ასე გავედით არჩევნებზე და ეს არჩევნები, რომლებიც თავად გამოაცხადეს რეფერენდუმად, ამ რეფერენდუმზე ქართველმა ხალხმა, 1 120 000 ადამიანმა მხარი დაუჭირა ყველა ამ კანონს, როგორც გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ისე სხვა შესაბამის რეგულაციებს, რომელიც შეესაბამება ქართველი ხალხის ინტერესებს", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.