17 სექტემბერი 2026,   22:43
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი იორდანიის დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და იორდანიას შორის ისტორიულ კავშირებს და განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები.

აღინიშნა საპარლამენტო დონეზე, ასევე, ვაჭრობის, მედიცინის, განათლების, ტურიზმისა და კულტურის სექტორებში თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა.

მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საკითხზე და ხაზი გაუსვეს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირების გაღრმავებაზე.

იორდანიის წარმომადგენელთა პალატის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს იორდანიაში მდებარე რელიგიურად მნიშვნელოვან ადგილებზე, მათ შორის, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, რომლის მიმდებარედ ქართული კულტურის ცენტრის აშენება იგეგმება. მათი თქმით, დიდია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პოტენციალი ტურიზმის მიმართულებით.

აგრეთვე, დადებითად აღინიშნა საქართველოთი დაინტერესება იორდანელი სტუდენტების მხრიდან, რომლებიც ძირითადად მედიცინის ფაკულტეტზე სწავლობენ.

დელეგაციის წევრებმა დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი იორდანიის მტკიცე მხარდაჭერა.

შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით იორდანიაში მიიწვიეს.

შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტში იორდანიასთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები