"განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამინისტროს ერთგულებამ და მტკიცე სურვილმა, რომ "ჯივინოსტატი" საქართველოს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ეს შეთანხმება პარტნიორობის ძალას ნათლად აჩვენებს. როდესაც პაციენტები, სახელმწიფო და ინდუსტრია ერთიანდებიან, შეუძლებელი არაფერია," - ამის შესახებ იტალიური ფარმაცევტული კომპანია Italfarmaco-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ფრანჩესკო დი მარკომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ განაცხადა.
კომპანიისა და უწყების მჭიდრო თანამშრომლობისა და სახელმწიფოს მხრიდან გამოხატული დიდი მზაობის შედეგად, საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (DMD) მქონე პაციენტებისთვის ინოვაციური მედიკამენტი "ჯივინოსტატი" ხელმისაწვდომი ხდება.
"გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით, რათა გვეპოვა გზა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის საქართველოში "ჯივინოსტატის" ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამინისტროს ერთგულებამ და მტკიცე სურვილმა, რომ "ჯივინოსტატი" საქართველოს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ეს შეთანხმება პარტნიორობის ძალას ნათლად აჩვენებს. როდესაც პაციენტები, სახელმწიფო და ინდუსტრია ერთიანდებიან, შეუძლებელი არაფერია და სწორედ პაციენტი ხდება ყველა ძალისხმევის მთავარი ცენტრი. ამ თანამშრომლობით ნამდვილად ვამაყობ და საქართველოს მთავრობასთან და პაციენტთა საზოგადოებასთან ერთად მუშაობას გავაგრძელებთ, რათა ეს შესაძლებლობა ყველა პაციენტამდე მივიდეს", - აღნიშნა ფრანჩესკო დი მარკომ.
ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტრომ პრეპარატი მართული შესვლის შეთანხმების (MEA) მექანიზმით შეიძინა და მისი მოწოდება ქვეყანაში უახლოეს პერიოდში დაიწყება. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია, რომელიც ამ ინოვაციურ მედიკამენტს დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში რთავს.
"ჯივინოსტატი" ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტია და იგი განკუთვნილია 6 წლის ასაკიდან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც გადაადგილების უნარი შენარჩუნებული აქვთ. პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრომ იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მქონე პირებისთვის სამედიცინო მომსახურების პაკეტი გააფართოვა, რაც მულტიდისციპლინურ მეთვალყურეობას, აუცილებელ კლინიკურ-ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებსა და სპეციალისტების კონსულტაციებს მოიცავს.