"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე კრიზისის ფონზე, დღეს პარტიის ყველა თანამდებობის პირს წესდებით დადგენილი უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. ცვლილებებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას რეფორმატორთა საბჭო, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს, ხოლო აღმასრულებელი მდივანი ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება. ამასთანავე, ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ივლისის ბოლოს ჩანიშნულ ყრილობაზე თანამდებობა მხოლოდ ლევან ხაბეიშვილს უნდა შეუნარჩუნდეს.
პარტიაში არსებულ შიდა დაპირისპირებასა და დაგეგმილ ცვლილებებზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები გარე მფარველებისგან დამატებითი გამორჩენის მიღებას ცდილობენ.
"თავმჯდომარე ვინ იქნება, საერთოდ აზრი არ აქვს, რადგან ვიცით, ეს არის მიხეილ სააკაშვილის პარტია - იყო და არის. მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოს დაველოდებით და ვნახავთ, როგორი იქნება ამ ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ე.წ. პარტიის ბედი. რაც შეეხება შიდა ე.წ. დაპირისპირებას - ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გარე პატრონებთან თავის მოწონება, რომ როგორმე მაგიდასთან უფრო მსუყე ადგილი მოიპოვონ და, შესაბამისად, უფრო მეტი დაფინანსება აიღონ ან რაიმე გამორჩენას მოელოდნენ - ასეთია მათი ბედი, აგენტისა, რომელიც ყველაფერზე ხელმომწერია," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.