ქვეყნის მასშტაბით, სპეციალურად შერჩეულ 170 ლოკაციაზე ათიათასობით იაპონური ქინქლა უკვე გაუშვეს. სპეციალისტებმა აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტრის - იაპონური ქინქლას საველე პირობებში გამოცდა დაიწყეს. სურსათის უვნებლობის სააგენტო ფაროსანასთან ბრძოლის წინააღმდეგ ახალ ეტაპზე გადავიდა.
იაპონური ქინქლა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბიოლოგიური კონტროლის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ საშუალებად მიიჩნევა. სპეციალისტები მუდმივ რეჟიმში დააკვირდებიან, როგორ გავრცელდება მწერი ბუნებრივ გარემოში და რა გავლენას მოახდენს ფაროსანას პოპულაციაზე.
ქართველი მეცნიერების კვლევებმა და საერთაშორისო გამოცდილებამ აჩვენა, რომ იაპონური ქინქლა სასარგებლო მწერებზე უარყოფით გავლენას არ ახდენს. მწერის ფიტოსანიტარული რისკები ლაბორატორიულ პირობებში უკვე შეფასდა. პროცესში ჩართულები იყვნენ შვეიცარიელი, იტალიელი და თურქი მეცნიერები.
იაპონური ქინქლა სპეციალისტებმა საქართველოში პირველად 2023 წელს ზუგდიდში აღმოაჩინეს. მის არსებობა მოგვიანებით ტურინის უნივერსიტეტის მეცნიერებმაც დაადასტურეს. რაც შეეხება აზიურ ფაროსანას, ის სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთ ყველაზე საშიში მავნებელად მიიჩნევა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს მოსავლიანობას და აუარესებს პროდუქციის ხარისხს. მავნებელთან სისტემურ ბრძოლას სურსათის ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან აწარმოებს.
ავტორი: ირაკლი კოშაძე