საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი ზემო აჭარაში სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს.
ზოგადი განათლების რეფორმის მიმდინარეობაზე, მიღწეულ შედეგებზე, კანონმდებლობის აღსრულების საკითხებსა და არსებულ გამოწვევებზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა კომიტეტის წევრებს ინფორმაცია გააცნო.
მისი განცხადებით, ზოგადი განათლების რეფორმა, რომელიც მოკლევადიანი, საშუალო და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, მიზნად ისახავს სკოლებში სწავლების ხარისხის ამაღლებას, თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი განათლების სისტემის ჩამოყალიბებას და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების გაძლიერებას.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ეროვნული სასწავლო გეგმა, თავის მხრივ, დაწყებით, საბაზისო და საშუალო საფეხურებს მოიცავს, სადაც დეტალურად არის გაწერილი ყველა ის აქტივობა, რაც აღნიშნულ რეფორმას უკავშირდება.
"ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად პრინციპებს ეროვნული ღირებულებების განმტკიცება, ფუნდამენტური საგნების გაძლიერება, საათობრივი ბაზის ოპტიმიზაცია, პროფესიული ორიენტაცია და მრავალფეროვანი სასკოლო ცხოვრება წარმოადგენს", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
თამარ მახარაშვილმა სასკოლო სახელმძღვანელოების შემუშავების პრინციპებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმძღვანელოები, რომლებიც ავტორის, პრაქტიკოსი მასწავლებლის, სამეცნიერო რეცენზენტის, ფსიქოლოგ-მეთოდისტის, რედაქტორის და კარტოგრაფის ჩართულობით იქმნება, აქცენტირებული იქნება ეროვნულ ღირებულებებზე, მუდმივი განახლების შესაძლებლობებზე, აუდიო-ვიდეო მასალების და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებაზე.
სამუშაო შეხვედრაზე ზოგადი და სკოლამდელი განათლების რეფორმის საკითხები დისკუსიის ფორმატში განიხილეს. პარლამენტის წევრებმა მინისტრის მოადგილის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე მოსაზრებები გამოთქვეს და რეფორმის ცალკეულ მიმართულებაზე იმსჯელეს.
"სამუშაო შეხვედრაზე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილესთან ერთად ზოგადი განათლების რეფორმის პირველი ეტაპი შევაჯამეთ. საუბარი შეეხო როგორც უკვე მიღწეულ შედეგებს, ასევე იმ გამოწვევებს, რომელიც აღნიშნულ პროცესს უკავშირდება. მათ შორის, საუბარი შეეხო სასკოლო სახელმძღვანელოების, მოსწავლის ფორმების და ბილინგვური სწავლების საკითხებს. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული ზოგადი განათლების ეროვნული გეგმა განათლების რეფორმის ერთგვარ კონსტიტუციას წარმოადგენს, სადაც ეროვნული ღირებულებების ნაწილია ხაზგასმული. მინისტრის მოადგილის პრეზენტაციაში საინტერესო და სიღრმისეული დეტალებია წარმოდგენილი, რომელზეც დეპუტატების მხრიდან აქტიური დისკუსია გაიმართა", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.
ზემო აჭარაში სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, კომიტეტის წევრები ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეწვევიან და არსებულ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებენ.