თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეიდან იწყება და 12 ივლისამდე გაგრძელდება.
რეგისტრაციას შემდეგი მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები გაივლიან: თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; თბილისში რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები, თბილისში რეგისტრირებული მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები; სამხედრო მოსამსახურეთა შვილები; დედმამიშვილები; ბაღების თანამშრომელთა შვილები. ელექტრონული რეგისტრაცია სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე წარიმართება.
რეგისტრაციის მეორე ეტაპი 13 ივლისს დაიწყება და 19 ივლისამდე გაგრძელდება, ხოლო მესამე და ბოლო ეტაპი 20 ივლისს დაიწყება, რაც საყოველთაო რეგისტრაციას ითვალისწინებს.