სომხეთში ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზის შექმნის შესახებ დამტკიცებული კანონპროექტი სერიოზულ კითხვებს აჩენს კონფიდენციალურობის, კიბერუსაფრთხოებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით.
ექსპერტები შიშობენ, რომ მას შემდეგ, რაც მილიონობით ადამიანის პირადი მონაცემები ერთ ბაზაში მოგროვდება, მთავრობამ ეს სისტემა შეიძლება პირადი მიზნებისთვის ან ხალხის სათვალთვალოდ გამოიყენოს.
გავრცელებული ინფორმაციით, ანალოგიური კანონი და მობილური მოწყობილობების ცენტრალიზებული რეგისტრაციის სისტემა უკვე მოქმედებს ირანსა და რუსეთში.
სამთავრობო ინიციატივას რუსულ კანონს ადარებს და ხელისუფლების მხრიდან ტოტალური კონტროლის დამყარების მცდელობაზე საუბრობს ექსპერტი ედმონ მარუკიანი.
"ეს არის პირდაპირ რუსეთიდან კოპირებული კანონი, რომელსაც პუტინმა სულ რამდენიმე დღის წინ მოაწერა ხელი. ხელისუფლების მთავარი მიზანია, შეიქმნას მოქალაქეების მონაცემთა ერთიანი ბაზა და დამყარდეს ტოტალური კონტროლი მათ პირად ცხოვრებაზე, რაც კიდევ ერთი ნაბიჯია ქვეყნის ჰიბრიდულ ავტორიტარიზმად გადაქცევისკენ. ამასთან, ახალი რეგულაცია ვერაფერს დააკლებს მაღალჩინოსნებსა და მსხვილ კონტრაბანდისტებს, რომლებსაც მობილურების შემოტანის ჩრდილოვანი ბაზრის ახალი გზების პოვნა არ გაუჭირდებათ. მთელი ფინანსური და ბიუროკრატიული სიმძიმე კი ისევ რიგით მოქალაქეებსა და მცირე ბიზნესს დააწვება. სამწუხაროა ისიც, რომ სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია პასიურობს და ვერ ახერხებს სათანადო წინააღმდეგობის გაწევას - თუნდაც საკონსტიტუციო სასამართლოსთან მასშტაბური დემონსტრაციებით. ეს კი მთავრობას მსგავსი რეპრესიული გადაწყვეტილებების უპრობლემოდ მიღების საშუალებას აძლევს," - განაცხადა ედმონ მარუკიანმა.