30 ივნისი 2026,   22:09
ვრცლად
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს კონტრტერორისტულ კვირეულში მონაწილეობს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე
ლაშა მაღრაძე, დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

ლაშა მაღრაძე, გაეროს კონტრტერორისტულ კვირეულის ფარგლებში, მონაწილეობს
ნიუ-იორკში მიმდინარე მსოფლიო კონტრტერორისტული უწყებების ხელმძღვანელი
პირების კონფერენციაში, რომლის მთავარ თემას წარმოადგენს "ტერორიზმისგან
თავისუფალი მომავალი: მრავალმხრივი მიდგომებისადმი გლობალური ერთგულების
განმტკიცება წევრი ქვეყნების ხელმძღვანელობითა და ქმედებით".

კონტრტერორისტული კვირეულის ფარგლებში, გაეროს შტაბ-ბინაში, გაიმართება
პანელური დისკუსიები ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით არსებული
გამოწვევების, მათი გადაჭრის გზებისა და მრავალმხრივი ქსელების გამოყენებით
კოორდინაციისა და კავშირების გაძლიერების შესახებ.

საქართველოს დელეგაცია, ასევე, მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური
ასამბლეის პლენარულ სხდომაში, რომლის ფარგლებშიც დამტკიცდება გაეროს
კონტრტერორისტული სტრატეგიის განახლებული ვერსია.

კონფერენციის ფარგლებში აგრეთვე დაგეგმილია პარალელური ღონისძიებები, სადაც
მონაწილე ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები ტერორიზმისა და მისი
დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების
შესახებ იმსჯელებენ.  

"გაეროს კონტრტერორისტული კვირეული წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, იგი აერთიანებს სხვადასხვა სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ექსპერტებს, საერთო მიზნის და ამოცანის ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. მსოფლიო უსაფრთხოების გარემო დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. ტერორიზმი მნიშვნელოვნად განიცდის ტრანსფორმაციას, იგი ხშირ შემთხვევაში, სცილდება სახელმწიფო საზღვრებს და ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, ინფორმაციის დროული გაცვლა და ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიანი ერთგვაროვანი მიდგომების ჩამოყალიბება. გლობალური უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, საქართველოსთვის კვლავინდებურად პრიორიტეტული რჩება საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ მიმართულებით, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მიზნით," - აცხადებს ლაშა მაღრაძე.

დღის ამბები