"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე შიდა დაპირისპირებას და კრიზისულ მდგომარეობას მმართველ გუნდში აფასებენ. საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ პარტიაში არსებული ვითარება პირდაპირ ასახავს იმ მმართველობის სტილს, რომელიც ხელისუფლებაში მათი ყოფნის დროს არსებობდა.
"ეს, რაც "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით ხდება, ეს იმპულსური, არასწორი, რაღაც აბსოლუტურად არაპროფესიონალური, ინტელექტისგან მოწყვეტილი გადაწყვეტილებები მომდინარეობს იმ პერიოდიდან, როცა სააკაშვილი მართავდა ქვეყანას - მაშინ იყო ეს მდგომარეობა - სრული განუკითხაობა, ადამიანის უფლებების გადათელვა. ერთმანეთში დაპირისპირებით თვითონ არსი ამ გაერთიანების, ისევე, როგორც ცალკეულად აღებული თითო პარტიის და განსაკუთრებით, "ნაცმოძრაობის", არსი არ იცვლება," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.