24 ივნისი 2026,   17:51
ვრცლად
4 ოქტომბრის საქმეზე მარიამ მეყანწიშვილი, ნანა სანდერი, აბო ნავერიანი და ძებნაში მყოფი ანტონ უპერი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების საქმეზე კიდევ ერთი განაჩენი გამოცხადდა. მარიამ მეყანწიშვილი, ნანა სანდერი, აბო ნავერიანი და ძებნაში მყოფი ანტონ უპერი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მოსამართლემ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მარიამ მეყანწიშვილის განცხადებით, მისთვის განაჩენი მოულოდნელი იყო.

"არ ველოდებოდი, გამზადებული ვიყავი ყველანაირად, რომ დღეს საპატიმრო დაწესებულებაში ამოვყოფდი თავს, მაგრამ ძალიან ძალიან დიდი მადლობა ხალხს სოლიდარობისთვის, სწორედ ხალხის სოლიდარობის დამსახურებაა დღეს ის შედეგი, რაც დადგა," - განაცხადა მარიამ მეყანწიშვილმა.

მედიასთან კომენტარი გააკეთა ნანა სანდერის ადვოკატმაც.

"არანაირი სამართლებრივი საფუძველი, მტკიცებულებათა ერთობლიობა არ ჰქონდა სასამართლოს იმისთვის, რომ რომელიმე ბრალთან მიმართებაში გამოეტანა გამამტყუნებელი განაჩენი ნანა სანდერის მიმართ. ვვარაუდობ, რომ ეს არის სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტების თუ ვიდეოების დაფუძნებით, რაც ბუნებრივი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანმა შექმნას დანაშაულის ჯგუფი, მოახდინოს ორგანიზება, გააკეთოს მითითებები. არანაირი კომუნიკაცია, არანაირი მითითებები, არანაირი კოორდინაცია ნანა სანდერის მხრიდან არ განხორციელებულა," - აცხადებს ადვოკატი გოგა ბოგვერაძე.

დღესვე, განაჩენი გამოცხადდა ძალადობრივი მოვლენების სხვა ეპიზოდზე. 12 პირიდან 11 პირს 1 წლიანი პატიმრობა და 3 წლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა. საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა მანუჩარ მიქელაძემ, რომელსაც 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები