თავდასხმა ქვეყნის სუვერენიტეტზე - პრემიერ-მინისტრი ბრიუსელის ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. ხვალ ბელგიაში გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომა იმართება, რომელზეც საქართველო მიწვეული არ არის.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველამ უნდა აღიაროს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.
პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, ხვალ, სტრასბურგში საქართველოს შესახებ დაგეგმილი ანგარიშის განხილვაზეც. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე იმსჯელებენ დოკუმენტზე - "დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში".
პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, არანაირი მოლოდინი არ აქვთ, რომ "ქართული ოცნება" დათმობაზე წავა.
"სამწუხაროდ, არანაირი სიგნალი და მოლოდინი არ გვაქვს იმისა, რომ "ოცნება" წავა დათმობაზე. "ოცნებას" სურს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი წესებით თამაშის გაგრძელება. "ოცნებას" სურს დარჩეს ისეთივე რადიკალური როგორიც არის და ამავე დროს, იყოს მისაღები ევროპისთვის, ამერიკისთვის და ცივილიზებული მსოფლიოსთვის. სამწუხაროდ, ასე არ მოხდება და ვერ მოხდება ბუნებაში", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.