17 ივნისი 2026,   11:22
ვრცლად
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" კოსის განცხადებაზე: გამოდის, თუ დავუშვებთ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ქვეყანას, ფაქტობრივად არ ექნება ხმის უფლება, თუმცა ექნება ვალდებულებები, როგორიც ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის წევრები უკვე არიან 

"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" აქვეყნებს ვრცელ წერილს ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, ევროკავშირის მომავალ წევრებს მოქმედი წევრების მსგავსი ხმის უფლება არ ექნებათ, მაგრამ ექნებათ ისეთივე ვალდებულებები, როგორიც მათ.

წერილში აღნიშნულია, რომ მარტა კოსის  განცხადების უკან დიდი საფრთხე იმალება, რაც გამოიხატება იმაში, რომ ევროკავშირს შეეძლება საქართველოს სახელმწიფოებრივი საკითხები  საქართველოს გარეშე მიიღოს.

"ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა, რომლის წარსულ საქმიანობასა და იუგოსლავიის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით ფაქტებზე დაფუძნებული არაერთი შეკითხვა არსებობს, განაცხადა, რომ განიხილება იდეა, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის მომავალ წევრებს მოქმედი წევრების მსგავსი ხმის უფლება არ ექნებათ. გამოდის, თუკი დავუშვებთ, რომ საქართველო ოდესმე აღნიშნული ორგანიზაციის წევრი გახდება, ჩვენს ქვეყანას, ისევე, როგორც სხვა ახალ წევრებს, ფაქტობრივად არ ექნებათ ხმის უფლება, თუმცა, ექნებათ ისეთივე ვალდებულებები, როგორიც იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის წევრები უკვე არიან.

ვისაც ოდნავ მაინც აქვს წარმოდგენა, თუ რა ფორმალური წესები არსებობს ევროკავშირში და ორგანიზაციას რა სახის ბერკეტები გააჩნია წევრ სახელმწიფოებზე გავლენის მოსახდენად, ყველამ კარგად იცის, რომ მარტა კოსის გაჟღერებული იდეის მიღმა დიდი საფრთხე იმალება. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირმა, შესაძლოა, საქართველოს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე, ფაქტობრივად, შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილება, საქართველოს გარეშე მიიღოს.

ჩვენ უკვე დიდი ხანია ვხედავთ, როგორ ებრძვის ევროპული ბიუროკრატია განსხვავებულ შეხედულებებს, თუმცა, როგორც ჩანს, ამჯერად, საბოლოოდ გადაწყვიტეს, ჩაახშონ ნებისმიერი თავისუფალი აზრი, რომელიც მათ ხედვებს ეწინააღმდეგება, თანაც, ამის გაკეთებას ყველაზე უხეში ფორმით ფიქრობენ და იმ ორგანიზაციაში წევრობისთვის, რომელიც მრავალფეროვნებისა და თანაბარუფლებიანობის იდეას დაეფუძნა, ქვეყნებს საკუთარი ხმის უფლების დათმობასა და უსიტყვო მორჩილებაზე თანხმობას სთავაზობენ", - ვკითხულობთ "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წერილში.

დღის ამბები