ეუთო სომხეთში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წინასწარ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ არჩევნები ზეწოლის, დაშინების და კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებული ყოველდღიური მუქარის ფონზე ჩატარდა.
ეუთოს შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანია იყო კონფრონტაციული, თან სდევდა რიტორიკა, რომელიც თესავდა დაყოფას.
დოკუმენტში წერია, რომ რამდენიმე საარჩევნო ღონისძიების დროს, ნიკოლ ფაშინიანმა შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული ენა გამოიყენა, მათ შორის, იძულებით გადაადგილებული სომეხი ლტოლვილების მიმართ. ზოგიერთ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი საჯაროდ ემუქრებოდა ოპოზიციის კანდიდატებს გამოძიებით, ნათქვამია დოკუმენტში. ეუთო დადებითად აფასებს თავად კენჭისყრის ორგანიზებულობას უბნებზე.
"მოხელეების მმართველი პარტიის ღონისძიებებზე იძულებით დასწრებამ და მთავრობის ახალმა სოციალურ-ეკონომიკურმა პროგრამებმა წინასაარჩევნო კამპანიის თანაბარ პირობებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოიწვია. წინასაარჩევნო გარემო კიდევ უფრო დაძაბა რამდენიმე ცნობილი ოპოზიციური და რელიგიური ფიგურის, მათ შორის პარტია „ძლიერი სომხეთის“ ლიდერის წინააღმდეგ დაწყებულმა სისხლის სამართლებრივმა დევნამ და წინასწარმა პატიმრობამ. ხელისუფლების განცხადებით, ეს საქმეები კორუფციის პრევენციასა და კონსტიტუციური წესრიგის დაცვას ემსახურებოდა, თუმცა ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა ეს პროცესები პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამან საზოგადოებაში შიშის ატმოსფერო შექმნა. რამდენიმე შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა შეურაცხმყოფელი ენა გამოიყენა, მთავრობის მეთაური საჯაროდ დაემუქრა ოპოზიციონერ კანდიდატებს სისხლის სამართლებრივი დევნითა და მათი კომპანიების ნაციონალიზაციით. ნიკოლ ფაშინიანი არჩევნებს მუდმივად უსაფრთხოების კონტექსტში განიხილავდა და აცხადებდა, რომ ოპოზიციის გამარჯვება ომს გამოიწვევდა", - აღნიშნულია განცხადებაში.