08 ივნისი 2026,   12:58
ვრცლად
ვაგრძელებთ დასავლეთთან დაახლოების კურსს, თუმცა ვინარჩუნებთ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობას და ვაძლიერებთ თანამშრომლობას რუსეთის ფედერაციასთან თუ კავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან - ნიკოლ ფაშინიანი

"ჩვენ ვაგრძელებთ დასავლეთთან დაახლოების კურსს, თუმცა, პარალელურად, ვინარჩუნებთ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობას და ვაძლიერებთ თანამშრომლობას რუსეთის ფედერაციასთან თუ კავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან", - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე სომხეთი არ არის მზად ევროკავშირის წევრობისთვის.

"ამ ეტაპზე, სომხეთი არ არის მზად ევროკავშირის წევრობისთვის. ჩვენი უპირველესი მიზანი ქვეყნის შიგნით ფუნდამენტური რეფორმების გატარება და სახელმწიფო ინსტიტუტების ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოებაა. გვესმის, რომ ამ სტანდარტების დაკმაყოფილების გარეშე გაწევრიანება შეუძლებელია. შესაბამისად, დემოკრატიული რეფორმების პროცესი მანამ უნდა გაგრძელდეს, ვიდრე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, თავად ევროკავშირის მხრიდან, სრულად არ იქნება აღიარებული სომხეთის შესაბამისობა ევროპულ კრიტერიუმებთან.

ეს არის ჩვენი უახლოესი სამიზნე, რასაც შემდგომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების ეტაპი მოჰყვება. საბოლოო შედეგი დამოკიდებულია ორმხრივ ნებაზე: შესაძლოა, ევროკავშირმა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება გაფართოების პროცესის შეჩერების შესახებ, ან სომხეთის მოქალაქეებმა რეფერენდუმის გზით უარი თქვან გაწევრიანებაზე. ჩვენი მთავრობის მთავარი ამოცანაა, შევქმნათ რეალური და მრავალმხრივი ალტერნატივები, რათა სომხეთის მოქალაქეებს ჰქონდეთ გააზრებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და ევროპის კავშირს შორის", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ცნობისთვის, სომხეთის საპარლამენტო არჩევნები ნიკოლ ფაშინიანის პარტიის გამარჯვებით დასრულდა.

დღის ამბები