პირველი ცნობები თმოგვის ციხის შესახებ ქართულ საისტორიო წყაროებში 914 წლიდან ჩნდება, როდესაც მისი აღება არაბთა ჯარმა სცადა. გეოგრაფიული მდებარეობისა და ციხის მცველთა წყალობით, სიმაგრე არ დაეცა.
შუა საუკუნეებში თითქმის ყველა დამპყრობელი სწორედ ამ ციხესიმაგრის აღებას ცდილობდა. ვინც თმოგვს დაიპყრობდა, გარშემო ტერიტორიასაც გააკონტროლებდა.
რთულად მისადგომი მდებარეობისა და რელიეფის გამო, მტრისთვის ერთადერთ გამოსავლად თმოგველებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსების გადაკეტვა რჩებოდა. ციხის მცველებს ესეც გათვლილი ჰქონდათ.
საბოლოოდ, ციხე მაინც შიგნიდან გატყდა. ლეგენდის მიხედვით, ციხისთავის, გელა თმოგველის მეუღლე ოსმალეთის მთავარსარდალს გაურიგდა და მაწვნის ქილით ჩუმად მიაწოდა გალავნის გასაღები. იმავე დღეს თმოგვი დაეცა. გელა თმოგველი მაღალი კლდიდან ცხენით ხევში გადახტა, ოსმალებმა კი მთელი ციხე-ქალაქი ააოხრეს. არ დაინდეს არავინ, მათ შორის არც ციხისთავის მეუღლე, რომელმაც მათ გასაღები გადასცა.
ერთ-ერთი ეკლესია, რომელიც თმოგვს ნაშთების სახით შემორჩა, წმინდა მარინეს სახელობის ტაძარია. ნაგებობამდე მისვლა რთული არ არის, თუმცა სიფრთხილე აუცილებელია. ბალახი სრიალებს, ქვები კი ხშირად არამყარად დევს, ამიტომ, გადაადგილებისას ფეხქვეშ მუდმივად უნდა იყუროთ.
ეკლესიის გარშემო დღემდე ნახავთ კუსტარული ხარაჩოების ნარჩენებსაც. წლების წინ ადგილობრივებს აქაურობის რესტავრირების მცდელობა ჰქონდათ.
მიუხედავად უნიკალურობისა, ეს ადგილი კვლავ დაუცველია. დრო ყოველდღიურად ტოვებს თავის კვალს. კვალს ტოვებენ ისინიც, ვისაც ისტორიული მემკვიდრეობის მნიშვნელობა არ ესმის.
საბოლოოდ, თმოგვი მაინც დგას. ეს ციხე-ქალაქი ადგილობრივებისთვის გამძლეობის, ბრძოლისა და ტრაგიკული ღალატის სიმბოლოდ იქცა. ეს არის ადგილი, სადაც თითოეული ქვა უდიდეს ისტორიას ინახავს.
ავტორი: გიორგი ქორქია