07 ივნისი 2026,   22:21
ვრცლად
პოლიტიკური იარლიყებით ბრძოლა - "პრორუსულის" ფენომენი ქართულ პოლიტიკაში

ქართული ოპოზიციის პოლიტიკურ ლექსიკონში ყველაზე პოპულარული სიტყვა წლებია უცვლელია - "პრორუსული". ეს არის ტერმინი, რომელმაც დროთა განმავლობაში ყოველგვარი პირვანდელი შინაარსი დაკარგა. დღეს ეს სიტყვა ვეღარ აღწერს რუსეთის რეალურ პოლიტიკურ გავლენებს და ქცეულია იარლიყად ყველასთვის, ვინც ქვეყნის სუვერენიტეტს, ეროვნულ ინტერესებსა და ტრადიციულ ფასეულობებს იცავს.

პარადოქსია, თუმცა პრორუსულობაზე ხშირად ყველაზე ხმამაღლა სწორედ ისინი საუბრობენ, ვისი პოლიტიკური ბიოგრაფიისა თუ გარემოცვის მიმართ ამ მიმართულებით არაერთი უხერხული კითხვა არსებობს. ზოგს რუსეთთან საქმიანი და ფინანსური ინტერესები აკავშირებს, ზოგს - წარსულში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ზოგს კი - საკუთარი პარტნიორების განცხადებები და ქმედებები.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის საზღვართან ჩასული და რუს ტურისტებთან მოსაუბრე მთავარსარდლის განცხადების გარდა, საქართველოს უახლოეს წარსულს ოპოზიციის მოსკოვთან კავშირების არაერთი ფაქტი ახსოვს.

ქართული ოპოზიცია საზღვრებს რამდენიმე წლის წინ ისე გასცდა, რომ პრორუსად აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც კი გამოაცხადა.

კითხვაზე - თუ ვის დავალებებს ასრულებს ქართული ოპოზიცია, პარლამენტის თავმჯდომარეს კონკრეტული პასუხი აქვს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, როგორც კი ვინმე ევროკავშირის ან დასავლური პოლიტიკური ელიტების გადაწყვეტილებას გააკრიტიკებს, მას მაშინვე "პრორუსად" აცხადებენ. მისივე თქმით, იარლიყებით ბრძოლა ახალი არ არის და ეს მეთოდი კუდიანებზე ნადირობას ჰგავს.

პოლიტიკურ დებატებში არგუმენტები მოძველდა და "პრორუსული" უნივერსალურ პასუხად იქცა - პასუხად ყველაფერზე და ყველასთვის. ასე მოხდა სლოვაკეთში, შემდეგ უნგრეთში, როდესაც მოქმედი ხელისუფლება არჩევნების წინ პრორუსად გამოაცხადეს.

ბრიუსელს იგივე სცენარი ჰქონდა მოლდოვაშიც, სადაც არჩევნებზე მაია სანდუს ოპონენტი იგორ დოდონი პრორუსად გამოაცხადეს. ორ პარტიას არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს, არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე დაიწყეს საუბარი და გამოძიება დაიწყეს, თუმცა მისი შედეგით აღარავინ დაინტერესებულა.

იარლიყი გასცდა პოლიტიკას და დამოუკიდებელ მედიასთან ბრძოლის იარაღადაც იქცა - სამიზნედ სამი ქართული ტელეკომპანიაც ამოიღეს. ევროპარლამენტში "იმედის", "რუსთავი 2"-ისა და "პოსტივის" დასანქცირებაც კი მოითხოვეს. ანგარიშის ავტორი მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, რასა იუკნევიჩიანე იყო, რომელიც ბრიუსელიდან მსჯავრდებული პრეზიდენტის გათავისუფლებას მოითხოვდა, საქართველოს კი პრორუსობაში სდებდა ბრალს.

22 აპრილს კი "რუსთავი 2"-ში ევროპარლამენტისგან წერილი მოვიდა, თითქოს ჟურნალისტმა მარტის პლენარულ სესიაზე წესები დაარღვია. მაგრამ რა არის ეს წესი, ეს ვერ გავარკვიეთ. არაერთხელ მოვითხოვეთ განმარტება და მედიასივრცის ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღება, თუმცა დღემდე პასუხი ვერ მივიღეთ.

იარლიყად ქცეულმა სიტყვამ - "პრორუსული", ჩამოაყალიბა პოლიტიკური რეალობა, სადაც ბრალდების დამტკიცება საჭირო აღარ არის და საკმარისია მისი ხშირად გამეორება. ასე ხდება მაშინ, როდესაც არგუმენტები ამოწურულია. დღეს სულ უფრო რთული ხდება იმის გარჩევა, სად არის რეალური საფრთხე, სად - პოლიტიკური კამპანია და სად - მორიგი მცდელობა, იარლიყით ჩაანაცვლონ არარსებული არგუმენტი.

დღის ამბები