05 ივნისი 2026,   21:58
ვრცლად
ახალგაზრდებთან შეხვედრებმა შედეგი გამოიღო, დარწმუნებული ვარ, ის საკითხები, რაც დასმული იყო უახლოეს პერიოდში მოგვარდება - ვარლამ ლიპარტელიანი

ამბროლაურში "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენცია დასრულდა, რომელიც უკვე მეცხრე გასვლაა რეგიონში.

მმართველი პარტია თვლის, რომ ახალი თაობის ხედვები ყველამ უნდა გაითვალისწინოს და ამიტომაც აუცილებელია პირისპირ შეხვედრები ადგილზე, რაც ფაქტობრივად კვლევაცაა: რას ფიქრობენ ახალგაზრდები, რა საჭიროებები აქვთ, რა პრობლემებს ხედავენ და რაც მთავარია, როგორ უნდა ჩაერთონ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში.

დღეს, ამ ყველაფერზე საუბარი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ახალგაზრდებთან ამბროლაურში შედგა.

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა, ახალგაზრდებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ის საკითხები, რაც მათი მხრიდან წამოყენებული იყო, ეტაპობრივად მოგვარდება

მისივე განცხადებით, შეხვედრებმა შედეგი გამოიღო:

"მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში, ის საკითხები, რაც დასმული იყო ეტაპობრივად მოგვარდება. რაც შეეხება ახალგაზრდებთან ჩართულობას და კომუნიკაციას, ვფიქრობ, ეს ნაწილი შედგა, ამ შეხვედრებმა შედეგი გამოიღო, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მათთან კომუნიკაციას. და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ღირსეულად შევძლებთ მათთან კომუნიკაციის გახსნას,"- აცხადებს ვარლამ ლიპარტელიანი.

ახალგაზრდების იდეები სამომავლოდ პარტიულ პროგრამაშიც აისახება და ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების გადაწყვეტილებებზეც. შეხვედრები 28 მარტს დაიწყო და საქართველოს 10 რეგიონს მოიცავს. რაჭის შემდეგ ბოლო შემაჯამებელი ღონისძიება უკვე თბილისში უნდა შედგეს.

პოლიტიკური დიალოგის გარდა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის კონფერენციები კონკრეტულ ინიციატივებსაც ეხება. ესენია ახალგაზრდული სივრცეები, რეგიონებში კლუბებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრების მოწყობა, დასაქმების პროგრამები, სტუდენტებისთვის სამუშაო ადგილების შექმნა, რაც რეგიონებიდან მიგრაციას ან ურბანიზაციას შეაჩერებს.

რაჭაში იყო ცოტნე ივანიშვილიც, რომელიც სტუმრის სტატუსით მონაწილეობს ყველა გასვლით ღონისძიებაში, რომელსაც რეგიონებში "ოცნების" ახალგაზრდები აწყობენ.

დღის ამბები