საერთაშორისო გამოცდილების დეველოპერი NEXT-ი, საქართველოს წამყვანი დეველოპერული კომპანია "არქი" და მსოფლიოში ცნობილი სასტუმროების ბრენდი Swissôtel-ი, ქობულეთში პრემიუმ კლასის სასტუმრო-რეზიდენციულ კომპლექსს ერთობლივად აშენებენ. მშენებლობის დაწყება ქობულეთში დააანონსეს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მსგავსი საინვესტიციო პროექტების განხორციელება ერთი მხრივ რეგიონის ეკონომიკურ ლანდშაფტს აუმჯობესებს და ამავე დროს ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
დინამიურად მზარდი ტურიზმის სექტორი და ჯანსაღი საინვესტიციო გარემო - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა იმ სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა, რომელიც გასულ წელს ტურიზმიდან მიღებულ რეკორდულ შემოსავლებს ასახავს. საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმის სექტორს დაახლოებით 9,5 % პროცენტი უჭირავს. 2025 წელს ტურიზმიდან 4 მილიარდ 700 მილიონი ამერიკული დოლარი და 7 მილიონ 800 ათასზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა.
ქობულეთში ახალი საინვესტიციო პროექტი სამ შენობას მოიცავს და გააერთიანებს სასტუმროს, საცხოვრებელ და საინვესტიციო აპარტამენტებს, შიდა და გარე საცურაო აუზებს. კომპლექსში ასევე განთავსდება საკონფერენციო სივრცე, ლობი, ლაუნჯი, ბარი, რესტორანი, 2500 კვ.მ ფართობის ფიტნესდარბაზი, სპა, გამაჯანსაღებელი ცენტრი და საბავშვო გასართობი სივრცე.
სასტუმროს პროექტის ავტორების განცხადებით, ახალი კომპლექსი, ქობულეთის საკურორტო ზონაში, უნიკალურ დასასვენებელ სივრცეს შექმნის. პროექტის კონცეფცია ბუნებრივ ლანდშაფტთან ჰარმონიულ თავსებადობას გულისხმობს.
Swissôtel, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შვეიცარიული ბრენდია, რომელიც ვიზიტორებს თანამედროვე სასტუმროების ქსელს სთავაზობს. Swissôtel-ის ბრენდი 1980 წელს დაარსდა და დღეს 20-ზე მეტ ქვეყანაში 40-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს.