07 აგვისტო 2026,   22:57
ვრცლად
ისტორიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად გაიხსნა

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტი, რომელიც ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობას აძლიერებს  ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. საქართველოს მთავრობის მეთაურსა და ეკონომიკის მინისტრთან ერთად, გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა თურქეთისა და აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრებმა მიიღეს.

ისტორიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას კასპიის ზღვისა და საქართველოს გავლით თურქეთსა და ევროპასთან აკავშირებს. მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის საერთო სიგრძე 180 კილომეტრია. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 153 კილომეტრს ჩაუტარდა. აშენდა 27 კილომეტრის სიგრძის სრულიად ახალი, ევროპული სტანდარტების მქონე სარკინიგზო მაგისტრალი. მონაკვეთი მოიცავს 4 ახალ და 15 რეაბილიტირებულ სარკინიგზო ხიდს, 13 თანამედროვე სტანდარტების მქონე სადგურს, 8 ახალ ქვესადგურს, საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელ სასაზღვრო სარკინიგზო გვირაბსა და ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგურს.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულმასშტაბიანი ამოქმედება რომ რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ამ თემაზე აზერბაიჯანისა და თურქეთის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც ისაუბრეს. ეკონომიკური დაკავშირებადობის გაძლიერება, რეგიონის როლი ევროპასა და აზიას შორის საიმედო სატრანსპორტო, ლოგისტიკური ჰაბის პოზიციის გაძლიერებაში,გლობალური გამოწვევების ფონზე შუა დერეფნის კონკურენტიანობის გაზრდა. პარტნიორი ქვეყნების მინისტრებმა ახალ სატრანსპორტო მონაკვეთს, მსოფლიო მნიშვნელობის სტრატეგიული კვანძი უწოდეს.

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო ხაზზე სატვირთო გადაზიდვების მოცულობა ყოველწლიურად მზარდია. მოლოდინია, რომ ხაზის სრულად ექსპლუატაციაში შესვლით, პროექტის გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ეს კი რეგიონს ტვირთების დამატებითი ნაკადების გატარების შესაძლებლობას მისცემს და საერთაშორისო სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს.

დღის ამბები