შეკვეთილში, "ციცინათელას" პარკის მიმდებარედ ახალი გასართობი პარკი - "დინოტოპია" განთავსდება. ეს იქნება თანამედროვე, შემეცნებით-გასართობი სივრცე ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის და შავი ზღვისპირეთის დამსვენებლებისთვის. დინო პარკში 50-ზე მეტი დინოზავრი და პრეისტორიული ხანის ქმნილება იქნება წარმოდგენილი.
ახალი გასართობი სივრცის კონცეფციაზე "სთარინგ ჯორჯიას" სტრატეგიული განვითარების საბჭოს კრეატიული ხელმძღვანელი, ციცი იაშვილი საუბრობს.
"სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ "სთარინგ ჯორჯიას" ეკოსისტემას სულ მალე კიდევ ერთი ძალიან საინტერესო და მრავალფუნქციური პარკი შეემატება, რომელიც იფუნქციონირებს "ციცინათელას" მიმდებარედ. ახალი პარკის სახელი იქნება "დინოტოპია", რომელიც შეკვეთილის შედარებით პატარა ასაკის სტუმრებს განსაკუთრებულ გამოცდილებას აჩუქებს. ჩვენ კი გვიხარია ის, რომ ჩვენი ქოლგის ქვეშ არსებული ყველა ობიექტი თუ პარკი თუ გასართობი ატრაქცია კიდევ უფრო საინტერესოს და მიმზიდველს გახდის საქართველოში, კონკრეტულად კი - შეკვეთილში დასვენებას," - აცხადებს ციცი იაშვილი.
საქველმოქმედო ფონდ "ქართუსა" და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის შეთანხმება შედგა, რომლის თანახმად, "ციცინათელას" პარკთან მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფონდმა "ქართუმ" სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. ეს ტერიტორია არსებულ გასართობ სივრცეს შეუერთდება და ერთიანი, მასშტაბური ტურისტული კომპლექსი შეიქმნება.