რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე წრიული რბოლების ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპი ჩატარდა. ტურნირში 24-მა ავტომრბოლელმა მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებულებს ჯილდო სპორტის მინისტრმა გადასცა.
ტურნირი, რვაწლიანი პაუზის შემდეგ პირველად გასულ წელს ჩატარდა. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საავტომობილო ჩემპიონატის მიზნად, ქვეყანაში ავტოსპორტის განვითარება და პოპულარიზაცია სახელდება.
ჩემპიონატის მეორე ეტაპი წელს საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გახსნა.
როგორც სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ აღნიშნა, რბოლას ბევრი გულშემატკივარი ესწრება.
"მახარებს ის, რომ ძალიან ბევრი გულშემატკივარი ესწრება დღევანდელ ტურნირს. მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ სპორტსმენს, როგორც დღევანდელ დღეს, ისე სხვა ტურნირებში. სპორტის სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს მათ მხარდაჭერას, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ტურნირებში," - აცხადებს სპორტის მინისტრი.