03 აგვისტო 2026,   23:16
ვრცლად
"განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის. ატარებდე პოლიციელის მუნდირს, არის დიდი პატივი და ღირსება" - 31 მაისი პოლიციელის დღეა

31 მაისი პოლიციელის დღეა. შსს სამინისტრო საზეიმო ღონისძიებას, ადმინისტრაციულ შენობასთან 9 საათზე გაიმართავს. ღონისძიების ფარგლებში უწყების სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების საზეიმო მსვლელობა გაიმართება, შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი.

ღონისძიებაზე სამართალდამცველებს სიტყვით მიმართავენ შინაგან საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.

პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს დააჯილდოვებს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლის, სოსო სულიკაშვილს განცხადებით, პოლიციელის მუნდირის ტარება დიდ პატივთან ერთად დიდი ღირსებაა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მინდა მივულოცო პოლიციელის დღე. 31 მაისი არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დღე ჩვენთვის, პოლიციელებისთვის. ატარებდე პოლიციელის მუნდირს, არის დიდი პატივი და ღირსება ჩვენთვის. მინდა, თითოეულ თანამშრომელს ვუსურვო შინ მშვიდობით დაბრუნება და კარიერული წინსვლა", - განაცხადა სოსო სულიკაშვილმა.

თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განცხადებით, ადამიანის სიცოცხლეზე ზრუნვა თითოეული მეხანძრე-მაშველისთვის საამაყო და საპასუხისმგებლოა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს ვულოცავ დღევანდელ დღეს, ყველა მათგანისთვის მნიშვნელოვანია ეს დღე, ვუსურვებ წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში. იზრუნო სხვის სიცოცხლეზე, თითოეული მეხანძრე-მაშველისთვის საპასუხისმგებლო და საამაყოა", - განაცხადა ლევან მუსელიანმა.

დღის ამბები