საქართველოს დამოუკიდებლობის დღე რუმინეთის საპატრიარქოს სასახლეში, სადღესასწაულო დარბაზში აღინიშნა. ინფორმაციას Basilica ავრცელებს.
მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას რუმინეთში საქართველოს ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქართული სახელმწიფოებრიობის და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში ეკლესიის გადამწყვეტ როლზე. საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ოფიციალურ მიღებას, რუმინეთის ხელისუფლების, დიპლომატიური წრეების და სასულიერო იერარქიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის: ანა კრისტინა
ტინკა - რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სტრატეგიულ საკითხებში; ბუქარესტში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები; სხვადასხვა რელიგიური კონფესიის ლიდერები. რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მხრიდან საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ საპატრიარქო ვიკარიუსი, ეპისკოპოსი ვარლაამ პლოიეშტეანული და საპატრიარქო ადმინისტრაციის წევრები.
რუმინული გამოცემა, წერს, რომ საზეიმო მიღებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობას, ისტორიულ კავშირებსა და საერთო სულიერ ფასეულობებს.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.