საქართველო დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მზად არის! დედაქალაქში საზეიმო ღონისძიების გენერალური რეპეტიცია უკვე დასრულებულია.
თავისუფლების მოედანზე საქართველოს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა და რეკრუტები დილიდან გამოჩნდნენ. სწორედ წვევამდელთა ფიცის დადება იქნება ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ხვალ. რეკრუტებისთვის განსაკუთრებით ამაღელვებელია, რომ ღვთისა და სამშობლოს წინაშე ფიცს დამოუკიდებლობის დღეს დადებენ და თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან.
ფიცის დადების ცერემონია, თბილისის გარდა, 12 ისტორიულ ადგილას გაიმართება, დედაქალაქსა და საქართველოს 20 ქალაქში კი სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყობა. საზეიმო ღონისძიების პირველ ნაწილს, ტრადიციულად, ავიაციის გადაფრენა დაასრულებს.
წელს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად აღინიშნება და, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ეფუძნება კონცეფციას - "1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს".
ხვალ, თბილისი მთელი დღის განმავლობაში კულტურულ, სპორტულ, გასართობ და საბავშვო ღონისძიებებს უმასპინძლებს. 12:00 საათიდან ადგილობრივებსა და ქალაქის სტუმრებს სადღესასწაულო ღონისძიებები და თემატური ინსტალაციები ათონელის ქუჩაზე, ალექსანდრეს ბაღში და მიმდებარე ტერიტორიებზე დახვდებათ.
დამოუკიდებლობის დღისთვის აქტიური მზადება მიმდინარეობს რეგიონებშიც. ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება. თბილისის მსგავსად, სხვადასხვა სამინისტროს თემატური სტენდები ყველა დიდ ქალაქში იქნება წარმოდგენილი.
დღის ბოლოს, ტრადიციულად, 17:10 საათზე - იმ დროს, როდესაც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა - ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში ერთდროულად საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება. დღეს კი ყველა ქალაქში ღონისძიებების სამზადისი დასრულებულია. რამდენიმე საათში საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 108-ე წელს იზეიმებს.