კალიფორნია, სან-დიეგო, 11 საათი და 43 წუთი – კლერმონტის პოლიციის განყოფილებაში ზარი შევიდა. მშობელმა ოფიცერს შეატყობინა, რომ მისი შვილი მეგობართან ერთად სახლიდან გაუჩინარდა, წაიღო სამი სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი. ქალმა ისიც თქვა, რომ 18 წლის ახალგაზრდას სუიციდური მიდრეკილებები აქვს.
შეტყობინებიდან მალევე, პოლიციის ოფიცრები იმ საჯარო სკოლასთან მობილიზდნენ, სადაც სწორედ ეს ახალგაზრდა სწავლობდა. ოპერატიული ინფორმაციით, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი შეიარაღებული მოზარდები, შესაძლოა, სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე გამოჩენილიყვნენ.
ვიდრე ძალოვნები მედისონის სკოლის შენობიდან მოსწავლეების გაყვანას, პერიმეტრის დათვალიერებას და თავდამსხმელების ადგილსამყოფლის დადგენას ცდილობდნენ, გაირკვა, რომ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარე ისლამურ ცენტრში ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა და მეჩეთში ცეცხლი გახსნა.
ადგილზე მისულ ოფიცრებს სამი ადამიანი დახვდათ მოკლული. მათგან ერთ-ერთი დაცვის თანამშრომელი იყო, რომელიც, პოლიციის თქმით, თავდამსხმელების შეჩერებას ცდილობდა. ტერიტორიაზე ევაკუაცია გამოცხადდა, ასობით სამართალდამცველმა კი რელიგიურ ცენტრთან მისასვლელი ყველა გზა გადაკეტა.
სწორედ ამ მოქმედებებისას აღმოაჩინეს BMW-ს მარკის ავტომობილში, 17 წლის კეინ კლარკისა და 18 წლის კალებ ვასკესის ცხედრები. წინასწარი ვერსიით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მოზარდებმა თავი მოიკლეს. მანქანაში ნაპოვნია ნაცისტური სიმბოლიკა, ანტიისლამური ჩანაწერები, წერილი რასობრივი უპირატესობის შესახებ და იარაღი, რომელზეც დაწერილი იყო ფრაზა – "სიძულვილის ენა".
გამოძიებაში ჩაერთნენ გამოძიების ფედერალური ბიუროს სპეციალური აგენტები, ოპერატიული ჯგუფები, ნივთმტკიცებათა შეგროვების პერსონალი და მსხვერპლთა დახმარების სპეციალისტები. ადგილზე მუშაობენ შტატის პროკურორებიც. სახელმწიფო ბრალმდების მხარე სწავლობს, ხომ არ იკვეთება ეჭვმიტანილებთან დაკავშირებული სხვა პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე