"დანიასთან პარალელების გავლება, როცა ასეთი მძიმე ვითარებაა ქვეყანაში, არის ფარისევლობა და მეტი არაფერი," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლაშა ფარულავამ.
ფარულავა გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრების განცხადებებს, რომლებიც დანიის ხელისუფლებას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ კოპენჰაგენი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს.
"არანაირი ორმაგი სტანდარტი არ არსებობს. დანიასთან პარალელების გავლება, როცა ასეთი მძიმე ვითარებაა ქვეყანაში, არის ფარისევლობა და მეტი არაფერი," - აცხადებს ლაშა ფარულავა.
ავლენს თუ არა კოპენჰაგენი ორმაგ სტანდარტს, როცა დანია აკრიტიკებს ქართულ დემოკრატიას და ქართველ სამართალდამცავებს, საკუთარ ქვეყანაში კი მომიტინგეებს სასტიკად უსწორდება, აკავებს და გამოხატვის თავისუფლებას უკრძალავს - ამ კითხვაზე პასუხს "რუსთავი 2" დანიის საელჩოსგან ამ დრომდე ელოდება.
13 მაისს, დანიის პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ გადამეტებული ძალა გამოიყენა, 20-მდე მოქალაქე დააკავა, ათეულობით კი დაშავდა. ადგილობრივი მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს, ხელკეტებითა და გაწვრთნილი ძაღლებით, როგორ გაუსწორდა პოლიცია აქტივისტებს, მათ შორის, პრესის წარმომადგენლებს. ამ დროს, დემონსტრანტები დანიის ხელისუფლების მხრიდან, ისრაელისთვის იარაღის გადაზიდვაში დახმარებას აპროტესტებდნენ.
ავტორი: ნანა გოგატაძე