28 ნოემბერი 2026,   13:52
ვრცლად
მოლდოვაში ტელევიზიებს ხურავენ, ერთი კრიტიკული სიტყვა არ ისმის, მოლდოვის პრეზიდენტი რომ იტყვის ამას დახვრეტა, ამას ჩამოხრჩობა, ვინ არის გამკითხავი?! არანაირი სასამართლო კონტროლი არ არის - შალვა პაპუაშვილი

მედიაზე თავდასხმა და დაუსაბუთებელი უარი აკრედიტაციაზე - "რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფს დღეს და ხვალ მოლდოვაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესია უნდა გაეშუქებინა, რომელშიც მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობს, თუმცა "კურიერს" აკრედიტაციის გაცემაზე უარი ეთქვა.

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანიისთვის გამოგზავნილ წერილში ეროვნული კანონმდებლობა და უცხოელი ჟურნალისტების აკრედიტაციის შესახებ რეგულაციები დაასახელა.

არაერთი მიმართვის მიუხედავად, კიშინიოვი არ განმარტავს, თუ რა კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს "რუსთავი 2", რომელსაც ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, მოლდოვაში არაერთი საერთაშორისო ღონისძიება გაუშუქებია. აკრედიტაციაზე უარი ეთქვა "იმედსა" და "PostTv-საც".

აღნიშნულ საკითხს უკვე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, მოლდოვაში მედიის თავისუფლება შეზღუდულია. ქვეყანაში განსხვავებულ აზრს პრორუსულის იარლიყს აწებებენ.

"მე არ მიკვირს, იმიტომ, რომ მოლდოვაში, ზოგადად, მედიის შეზღუდვა ფაქტი არის. რამდენიმე მედია-ტელევიზია დახურა მოქმედმა პრეზიდენტმა, სასამართლო გადაწყვეტილებების გარეშე და ყველგან გამართლებას პოულობენ, რომ იყო დეზინფორმაცია და პრორუსული.

მარტივია მიაკერო იარლიყი, როგორც 100 წლის წინ აკეთებდნენ ამას და ვინ არის შენი გამკითხავი?! - მოლდოვის პრეზიდენტს ვინ გაკითხავს, ტაშს უკრავენ. იტყვის, რომ ამას დახვრეტა, ამას ჩამოხრჩობა, არანაირი სასამართლო კონტროლი ამ საკითხებზე არ არის, არანაირი ინსტანცია, რომელიც ამ საკითხს გადაწყვეტს.
მიაწებებენ იარლიყს, ვისაც რა უნდათ. ხურავენ ტელევიზიებს მოლდოვაში, ხურავენ პარტიებს და ერთი კრიტიკული სიტყვა არ ისმის," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები